მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, არჩილ ანთაძე. ორივე მათგანი მზია ამაღლობელის დაკავებასა და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა.

სხდომაზე პროკურატურის ორივე მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე სიწითლე აღენიშნებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ დარჩიამ დგებუაძის მიერ "განცდილ ტკივილზე" საუბრისას სხდომათა დარბაზში სიცილი ვერ შეიკავა

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები