აფრასიძეები

რას წერენ მოქალაქეები აფრასიძეების სისასტიკის შესახებ

ოცნების დროებით საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს "ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე" ახსნა-განმარტება თეა წულუკიანს აფრასიძის ცოლმა, დოდო აფრასიძემ და შვილიშვილებმა, გიორგი და ლედი აფრასიძეებმა მისცეს.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთში, მესტიის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა, რომლებმაც შსს-ს წარმომადგენლების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი შვილი ომეხ აფრასიძე მოკვდნენ. ევგენი აფრასიძის კიდევ ორი შვილი, გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, სასამართლომ მათ 19 და 17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ძმებმა საპატიმრო 2013 წელს დატოვეს.

კომისიის სხდომის შემდეგ აფრასიძეების ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების შესახებ მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში ისტორიები გავრცელდა.

მოქალაქე ნინო კუბლაშვილის თანახმად, 1964 წლის 16 ივნისს ევგენი აფრასიძემ 7 გასროლით მოკლა საკუთარი სიძე, კუბლაშვილის ბაბუა ვანო პირველი.

კუბლიაშვილისვე თქმით, აღნიშნულის შემდეგ, ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა იმის გამო მოკლა, რომ ის პასუხს სთხოვდა ჩადენილი დანაშაულისთვის.

მოქალაქე ასევე წერს, რომ აფრასიძეს ყოველთვის მფარველობდა სახელმწიფო, რის გამოც მან სამართლებრივად პასუხი არცერთ დანაშაულზე არ აგო.

"აფრასიძეების "საქმენი საგმირონია".

მინდა, გაგიზიაროთ ისტორია, რომელზეც არასოდეს ვსაუბრობ საჯაროდ, ამაზე საუბარი არ არის მარტივი არც ჩემთვის და მითუმეტეს დედაჩემისთვის.

ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ ისტორიას საჯაროდ ვწერ, არის ის რომ უსამართლო სახელმწიფოში კიდევ ერთი მკვლელების ოჯახი არ ცნონ დაზარალებულად და არ აქციონ გმირებად.

დედაჩემი - ლიანა პირველი დაბადებული აფხაზეთში 1958 წელს,

ძმა - გურამ პირველი (1962 – 2002),

და - ნუნუ პირველი (1960 – 1986),

მამა - ვანო (ივანე) პირველი,

დედა - ბარბარე (ბაბრი) აფრასიძე,

დედაჩემის ბიძა - ევგენი აფრასიძე,

დედაჩემის ბიცოლა - დოდო სიდიანი (ევგენი აფრასიძის ცოლი, ახლა რომ მონაწილეობს კომისის გამოკითხვაზე),

ბიძაშვილები - ომეხი, შმაგი, გოჩა აფრასიძეები ევგენი აფრასიძემ 1964 წლის 16 ივნისს ტრიალ მინდორზე, ტყიდან "კაცურად" 7 გასროლით ადგილზე მოკლა საკუთარი სიძე ვანო პირველი (ბაბუაჩემი).

მოგეხსენებათ, ქართული აზროვნების ფენომენი, რომელიც ყველანაირ მკვლელობას უძებნის გამართლებას, (არაერთი კომენტარი დამიწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ ალბათ ბაბუაჩემი ავიწროებდა ბებიაჩემს და ძმამ ჯავრი იყარა სიძეზე), სინამდვილეში კი ბაბუაჩემის მკვლელობა მოყვა ოჯახურ კამათს, თუ რატომ დაეხმარა სამშენებლო მასალებით ბიძაშვილს, რომელსაც წყალი ჩამოსდიოდა სახლში, რის შემდეგაც გულმოსული ბებიაჩემი წავიდა მშობლების სახლში და შესჩივლა ძმას საკუთარ ყოფაზე.

წავიდა და 3 შვილი ობლად დაუტოვა ბედს.

ბაბუაჩემის მკვლელობიდან მალევე, გადმოცემით ვიცით, (ამიტომ მტკიცებას ვერ დავიწყებ) რომ ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა მოკლა იმის გულისათვის, რომ მამამისი პასუხს სთხოვდა ჩადენილ დანაშაულზე.

ევგენი აფრასიძეს ყოველთვის მფარველობდა სახელმწიფო, ამიტომაც მან სამართლებრივად პასუხი არ აგო არცერთ დანაშაულზე.

პირველი მკვლელობის დღეს, გზად გაიტაცა დოდო სიდიანი, რომელიც ცოლად მოიყვანა, ეს არის ქალბატონი აწ უკვე, დოდო აფრასიძე დღეს რომ დაზარალებულად ასაღებს თავს.

ეს არის ქალი, რომლისთვისაც სხვისი ოჯახების, სხვისი შვილების ხოცვა არაფერს წარმოადგენდა, ეს არის ქალი, რომელიც იმ სპეცოპერაციას უწოდებს უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვას (სპეცოპერაციის დეტალებს მე არ დავწერ, ამაზე თავად გასცეს სახელმწიფომ პასუხი, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი, და რატომ ინახებოდა აფრასიძეების სახლში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სხვა ფორმით კრიმინალების დაჭერა).

არსებობს ასეთი ადამიანი, ვაჟა გავაშელი რომელმაც აფრასიძეებს ფილმიც კი მიუძღვნა სახელად - "დაგვიანებული ქორწილი", 1980 წლის შემოდგომაზე დოკუმენტური ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) საშუალებით გავიდა ტელეეკრანზე.

ვაჟა გავაშელი გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც არაერთი ინფორმაციის გავრცელებით წლების განმავლობაში მფარველობდა აფრასიძეების კლანს. ვისაც შესაძლებლობა აქვს, მოძებნეთ და დაუკავშირდით ამ არაკაცს. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რომ სამართალს ეძებ, მამის მკვლელი რომ გინდა დაისაჯოს, ამ დროს კი ის თავისუფლად, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, აწიოკებს არაერთ ოჯახს, კლავს და ხოცავს ადამიანებს თავის შეხედულებების და ხასიათის მიხედვით, აწიოკებს და აყაჩაღებს ისედაც გაუბედურებულ დევნილებს, აყაჩაღებს და იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას განსაზღვრულს ხალხისთვის, ზრდის თავისნაირ კრიმინალებს და ბანდიტებს, როგორი "სამართლიანია" ხომ ასეთი სახელმწიფო?!

წულუკიანის მოწყობილ შოუზე, ქალბატონი დოდო აფრასიძე დაზარალებული სახით რომ საუბრობს, იცის, რომ ნორმალურ სახელმწიფოში თანამონაწილეობისთვის და კრიმინალებზე ხელის დაფარებისთვის გაასამართლებდნენ? თუ თავადაც არ მიუღია არაერთი ადამიანის წამებაში მონაწილეობა.

იცის რომ დაწყევლილია, როგორც ქალი და როგორც დედა? თუ ჯერ არავის უთქვამს?

ლედი აფრასიძესთან მექნება კითხვა, დაზარებულის როლიდან რომ საუბრობს, მისი მორალისთვის სახელმწიფო მის წინაშე დამნაშავე რომ არის, როგორ ფიქრობს მისი მორალიდან, დედაჩემმა და მისმა და-ძმამ მორალურად დაიმსახურა ობლობა?

მორალმა და სამართალმა მისცა უფლება მის ჯიშ და ჯილაგს ახალგაზრდა კაცი მოეკლათ? თუ მათი ჯიშის მორალია 3 შვილი ობლობისთვის გაიმეტო? მისი ჯიშის კაცობაა სხვას თავს დაესხა და მოკლა? მისი მორალი ფიქრობს რომ ხელშეუხებლები არიან? თუ ასეა, აქვე ვუპასუხებ, რომ საკუთარ უბედურებაზე ოჯახს მოსთხოვოს პასუხი.

ბრძოლა გინდათ? აუცილებლად მიიღებთ პასუხს. არ გასვენებთ ეშმაკი? პასუხად მიიღებთ სამართალს, რომელიც სამუდამოდ დაგასრულებთ. პირობას გაძლევთ, პასუხს აგებთ ჩემი ყველაზე პირველების - დედაჩემის, ბიძაჩემის და დეიდაჩემის ობლობისთვის, მათთვის დანგრეული ცხოვრებისთვის.

ბიძაჩემის და დეიდაჩემის ხსოვნას მივუძღვნი თქვენ გასამართლებას!

წულუკიანო, შენ ხარ ყველაზე დიდი ნაძირალა საქართველოს ისტორიაში, კრიმინალები გინდა აქციო გმირებად და გმირები პიარის მსხვერპლებად? შენ ბოროტების ნაშიერო!!!" - წერს კუბლაშვილი. 

ია თაბაგარი ბადრი დადეშქელიანის მკვლელობის შესახებ წერს და ამბობს, რომ 1995 წელს აფრასიძეებმა დაჭრილ დადეშქელიანთან დასახმარებლად მისული ხალხი არ მიუშვეს, "ქვედა ხეობიდან მისულ ქალებს ესროდნენ დასაშინებლად".

თაბაგარის თქმით, აფრასიძეები გზებზე ყაჩაღობდნენ, საკუთარ ნათესავებსაც არ ინდობდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებდნენ და ადამიანები მძევლებად აჰყავდათ.

"რა კავშირი იყო აფრასიძეებსა და ჩვენს ნათესაობას შორის?!

ბადრი დადეშქელიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. ჩემზე ცოტათი უფროსი, თუმცა მამიდად ვეკუთვნოდი და ამაზე მუდმივად ხუმრობდა, თანაც თინეიჯერობის ასაკში ვინმეს რომ გამაცნობდა სვანეთში, ვერავინ იჯერებდა ჩემს მამიდობას.

ბადრი ლაღი და ხალისიანი ბიჭი იყო, ნამდვილი მთის შვილი, ვაჟკაცური იერით, ლამაზი ღია ფერის თვალებით და ღირსეული თვისებებით.

ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი სვანეთში, ბეჩოს ხეობაში, სადაც ბებიაჩემი მადი დადეშქელიანი მაზერის კოშკში დაიბადა.

შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა დაარბია დადეშქელიანების ოჯახი, გადაწვეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, გაანადგურეს ძველი რუკები და ისტორიული ნივთები, გაიტაცეს ძვირფასეულობა, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი შემორჩა მესტიის მუზეუმს.

ოჯახის ისტორია ნაწილობრივ გაქრა! დადეშქელიანების დიდი ოჯახი დაიქსაქსა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს, ზოგი გაერიდა ხელისუფლების ყურადღებას და ზოგმაც ვერასდროს ვეღარ ამოისუნთქა თავისუფლად.

ბადრი იქნებოდა დადეშქელიანების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამგრძელებელი, მაგრამ აფრასიძეებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე! ბადრი 1995 წელს მოკლეს...

დილით დაჭრილ ბიჭთან საშველად მისული ხალხი არ მიუშვეს აფრასიძეებმა, ქვედა ხეობიდან მისულ ქალებს ესროდნენ დასაშინებლად, საღამოს კი სისხლისგან დაცლილი წავიდა ამქვეყნიდან. ბადრის მამა ბექო დადეშქელიანი იმ დღის მერე ვეღარ გასწორდა მხრებში, დედამისს სამგლოვიარო ტანსაცმელი არც ახლა გაუხდია!

ოდესღაც სიცოცხლით სავსე ოჯახი დადუმდა ტკივილისგან და სევდისგან. ეს დიდი დანაკარგი დღემდე მოჰყვება ოჯახს და ჩვენს ნათესაობას!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ოჯახის და სხვა გამწარებული ოჯახების ამბებიც...

ბადრი აფხაზეთის ომში რომ იბრძოდა, მაშინ აფრასიძეები შარა-გზაზე ყაჩაღობდნენ, საკუთარ ნათესავებსაც არ ინდობდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებდნენ და ადამიანებს მძევლებად იყვანდნენ.

ამ ფაქტების უამრავი მოწმე არსებობს, ადგილობრივები და ტურიზმის სექტორიდანაც, ვინც ვერ გადაურჩა აფრასიძეების მიერ ძარცვას, გატაცებას და შეურაცხყოფას! ბადრი მოგვიკლეს ყველას!

ვინ იყვნენ აფრასიძეები?

ისინი იყვნენ მკვლელები და ყაჩაღები! ნურავინ ეცდება მათ წარმოჩენას მსხვერპლის სახით! ეს ჩვენი ერთ-ერთი წინაპრის, დადეშქელიანის ფოტოა, ბადრი ძალიან ჰგავს!" - წერს თაბაგარი.

მოქალაქე ნინი ხერგიანის თქმით, ეცერის გზაზე აფრასიძეებმა ბავშვებით სავსე ავტობუსს ესროლეს, სადაც თვითონაც იმყოფებოდა და წერს, რომ ყველაფერი წაართვეს, რაც თან ჰქონდათ.

"პატარა ბავშვებით სავსე ე.წ. იკარუსი დაგვიცხრილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე.

ქალების კივილი და მამების ფანჯრებზე აფარებული ზურგები მახსოვს გუშინდელი დღესავით.

გადაიყვანეს მძღოლი და იმასთან აწარმოეს "მოლაპარაკება".

რაც კი რამე მიგვქონდა იმ გაჭირვებულ დროში, საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს პატარა ბავშვებს.

ბოლოს საბურავებიც დაგვიხვრიტეს და წავიდნენ.

და ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს.

რატომ დავდიოდით ყოველ ზაფხულს აქ? მამაჩემს ჰქონდა ეგეთი პრინციპი, ომი იყო თუ ჯანდაბა, აქ მოგვერეკებოდა.

სვანეთის არდავიწყების მიზნით.

არ ხართ თქვენ ჯანმრთელად, ვისაც აფრასიძეებზე სენტიმენტები გაგიხსნათ თეამ.

საკუთარ ბავშვებს რომ გაფრთხილდებოდნენ, დადებდნენ იარაღს. აუშრიალეს აქ ანგელოზის ფრთები კრიმინალებს". - წერს ხერგიანი.

კომენტარები