თეთრი სახლი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა.
"დისკუსიები ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და აშშ ღრმად მადლიერია ომანის სასულთნოსი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დოქტორ არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვაობები დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს, თუ ეს შესაძლებელია. ეს საკითხები ძალიან რთულია და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფის პირდაპირი კომუნიკაცია დღეს ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან შემდეგ შაბათს". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
მანამდე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თეირანი და ვაშინგტონი შემდეგ კვირაში, 19 აპრილს გამართავენ.
როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია.
12 აპრილის შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.
როგორც ცოტა ხნის წინ Reuters ომანელ წყაროზე დაყრდნობით წერდა, "მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონული დაძაბულობის შემცირება, ტყვეთა გაცვლა და ირანზე დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ აშშ-ს მხრიდან ბირთვული პროგრამის კონტროლი" იყო.
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ ალ-ბუსაიდთან შეხვედრა გამართა და ამერიკული მხარისთვის გადასაცემად თეირანის "ძირითადი პოზიციები" წარუდგინა.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ორ ქვეყანას შორის დროებითი ბირთვული გარიგება დაიდოს, სანამ მხარეები ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებს გამოცემას ევროპელმა დიპლომატმა და საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
19 მარტს Axios წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
ორი წყაროს თქმით, ირანულ მხარეს მიაჩნია, რომ ორი თვის განმავლობაში რთული და ღრმად ტექნიკური ბირთვული შეთანხმების მიღწევა არარეალურია.
"როგორც ჩანს, ირანელები ფიქრობენ, რომ მდგრადი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა იმ ვადაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს აქვს განზრახული. მაშასადამე, შესაძლოა საჭირო იყოს დროებითი შეთანხმების განხილვა, როგორც სადგომად საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე". - ამბობს ალი ვაეზი, International Crisis Group-ის ირანული პროექტის დირექტორი.





