ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაკჩი, ხოლო აშშ-ს მხარეს, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უძღვება.
"ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით დაიწყო". - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისმაილ ბაღაემ პლატფორმა X-ზე.
სააგენტო Reuters ომანელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონული დაძაბულობის შემცირება, ტყვეთა გაცვლა და ირანზე დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ აშშ-ს მხრიდან ბირთვული პროგრამის კონტროლია".
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე არაკჩიმ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ ალ-ბუსაიდთან შეხვედრა გამართა და ამერიკული მხარისთვის გადასაცემად თეირანის "ძირითადი პოზიციები" წარუდგინა.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ორ ქვეყანას შორის დროებითი ბირთვული გარიგება დაიდოს, სანამ მხარეები ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებს გამოცემას ევროპელმა დიპლომატმა და საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
19 მარტს Axios წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
ორი წყაროს თქმით, ირანულ მხარეს მიაჩნია, რომ ორი თვის განმავლობაში რთული და ღრმად ტექნიკური ბირთვული შეთანხმების მიღწევა არარეალურია.
"როგორც ჩანს, ირანელები ფიქრობენ, რომ მდგრადი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა იმ ვადაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს აქვს განზრახული. მაშასადამე, შესაძლოა საჭირო იყოს დროებითი შეთანხმების განხილვა, როგორც სადგომად საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე". - ამბობს ალი ვაეზი, International Crisis Group-ის ირანული პროექტის დირექტორი.





