Financial Times წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაწყებული "ტარიფების ომით" გამოწვეულმა ნავთობის ფასის მკვეთრმა კლებამ, შესაძლოა, 2025 წელს რუსეთის მთავრობის ნავთობის ვაჭრობის მოგება 1 ტრილიონი რუბლით შეამციროს.
გამოცემა განმარტავს, რომ მოსკოვის ბიუჯეტი - რომლის დაახლოებით ერთი მესამედი ნავთობისა და გაზის შემოსავლებია - 2025 წელს შესაძლოა, დაგეგმილზე 2.5 პროცენტით ნაკლები იყოს, თუ ნავთობის ფასები ამჟამინდელ დონეზე დარჩება. ასეთ შემთხვევაში კრემლს მოუწევს მეტი ვალის აღება, არასამხედრო ხარჯების შემცირება ან დარჩენილი რეზერვების გამოყენება.
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ტარიფების შესახებ განცხადებებისა და OPEC+ კოალიციის წარმოების ზრდის დაანონსების შესახებ მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის მთავარი საექსპორტო ნავთობის ბრენდის, Urals-ის საშუალო ფასი თითქმის ორწლიან მინიმუმამდე დაეცა.
გამოცემა Argus-ის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, Urals-ის ბრენდის ბარელის ფასი დაახლოებით 50 დოლარია, ხოლო რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტის პროგნოზი Urals-ის ბარელზე 69.70 დოლარის ღირებულებაზე იყო გათვლილი.
FT მიხედვით, ნავთობის ფასის ვარდნა დამატებით ზეწოლას ქმნის რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც წელს ზრდის შენელებას ელოდება მას შემდეგ, რაც ომთან დაკავშირებულმა ხარჯებმა წინა წლებში მის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მოსკოვმა ეკონომიკის მხარდასაჭერად თავისი სუვერენული ფონდის რესურსებიდან საკმაო ნაწილი უკვე გამოიყენა და მარტივად ხელმისაწვდომი რესურსები უკვე ეწურება.
გამოცემა წერს, რომ რუსეთში ეკონომიკური სირთულეების აღიარება საკმაოდ იშვიათია, თუმცა ახლა ნავთობის ფასების ვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ.
"ეს მაჩვენებელი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შემოსავლების თვალსაზრისით... სიტუაცია უკიდურესად არამდგრადი, დაძაბული და ემოციურად დამუხტულია" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მიმდინარე კვირის დასაწყისში.
FT აღნიშნავს, რომ ფასების ცვლილება ასევე ასახავს, თუ როგორ აზიანებს ტრამპის ტარიფების ომი ირიბად რუსეთის ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბოლო დროს მოსკოვს გადატვირთვის ხასიათის გზავნილებს უგზავნის და უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ჰპირდება.





