საქართველო-აზერბიაჯანი

ირაკლი კობახიძე თურქეთში ილჰამ ალიევს შეხვდა

president.az

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე თურქეთში გამართულ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ალიევის ადმინისტრაცია და ირაკლი კობახიძე ავრცელებენ.  

"ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.". - წერს კობახიძე.

მანამდე, კობახიძემ დაწერა, რომ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, "პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში". 

მანამდე ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 11-13 აპრილს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა "დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" და ის უკვე მეოთხედ იმართება.

მათივე ცნობით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე მსჯელობენ.

ფორუმს ესწრება ივანიშვილის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები