თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი "ჩვეულებრივ მუშაობს". განცხადება კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა.
ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ახალ ოპოზიციურ ძალაში ყოფილი პრემიერმინისტრის, ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლა.
"არ ვიცი, აღნიშნული განცხადება საიდან გამომდინარე გაკეთდა, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულებრივ მუშაობს. ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს სამშობლოს და მის ხვალინდელ დღეს". - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რომ უცხოეთში არ წავიდეს".