დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

CNN: აშშ-ს არმიის 250-ე იუბილესთვის ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო აღლუმს გეგმავს

Brendan Smialowski/AFP/Getty Images

CNN-თან საუბრისას ორმა თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არმიის 250-ე იუბილეს აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის დაგეგმვის საწყის ფაზაშია, რაც ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია 7 აპრილს ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმაც დაადასტურა და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ამის შესახებ დისკუსიები უკვე გაიმართა. მანამდე, გამოცემა Washington City Paper-მა გაავრცელა ცნობა, რომ სამხედრო აღლუმის გამართვა 14 ივნისს იგეგმებოდა. ამ დღეს აშშ-ს არმიის დაარსებიდან 250-ე წლისთავი შესრულდება, თუმცა თარიღი ამასთანავე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღესაც ემთხვევა.

ამასთანავე, CNN-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ არმიის 250-ე იუბილეს აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებების გამართვა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო.

თუმცა ამ დღეს აღლუმის გამართვის იდეა ბოლო პერიოდში არმიასა და თეთრ სახლს შორის დისკუსიების დროს გაჩნდა. თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპს ჯერჯერობით აღლუმის გამართვის საბოლოო გეგმა არ დაუმტკიცებია.

კომენტარები