უცხოური გრანტები

პაპუაშვილი: დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა "ენჯეომ" - თანხმობაა გაცემაზე, არა მიღებაზე

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რაც ოცნებამ პარლამენტში დააინიცირა, აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სრულად გამჭვირვალობა, პაპუაშვილის თქმით, "ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება, რა პროექტები ფინანსდება".

პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებებით, თუ უცხოელ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე.

"სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლობიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, რომ ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება - მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები.

როცა ამის თაობაზე დონორებს ვეკითხებით, ისინი ხელს იბანენ, მათი პასუხისმგებლობა თითქოს არის. ასე არ გამოვა და არც შეიძლება. ისინი თავისი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლობიანად უნდა მოიქცნენ. ისინი ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აზიანებენ, როცა მოლოტოვის კოქტეილების რეკლამირების და ა.შ. დაფინანსება ხდება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და ქართველი ხალხის ინტერესში შედიოდეს ის, რაც საქართველოში ხდება. სისტემა იქნება, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა "ენჯეომ". ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. თუ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე.

ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება მოქალაქეებისთვის და ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება, რა პროექტები ფინანსდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესებით და არა ესტონეთის ხელისუფლების ინტერესით, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესით. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ყველაფერი ჩვენს ინტერესებში უნდა ხდებოდეს და არა, სხვა ხალხების და მათი პოლიტიკური ინტერესებით, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაშია". - თქვა პაპუაშვილმა.


ივანიშვილის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კომენტარები