აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია $1 ტრილიონის "ფარგლებში" თავდაცვის ბიუჯეტზე შეთანხმდა.
"ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარჯების დაზოგვას, მაგრამ არმია ისეთი რამაა, რაც უნდა ავაშენოთ და ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ბევრი ცუდი ძალა არსებობს ამჟამად". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას.
მან დაამატა, რომ მისი ადმინისტრაცია თავდაცვის ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც "ყველაზე დიდი იქნება, რაც არმიისთვის ოდესმე დაგვიმტკიცებია".
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ს არმიას ისტორიაში პირველად ტრილიონ დოლარიანი ბიუჯეტი ექნება.
"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენი არმიის აღდგენის პროცესშია - და ამას სწრაფად აკეთებს". - დაწერა მან.
აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი გასულ ფისკალურ წელს $842 მილიარდს შეადგენდა, შესაბამისად, ბიუჯეტის ერთ ტრილიონამდე გაზრდის შემთხვევაში თავდაცვაზე წელს ტრამპის ადმინისტრაცია თითქმის $160 მილიარდით მეტს დახარჯავს.





