რძის ნაწარმი

იმნაძე: აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც რძეში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლის გამომწვევი ვერ იქნება.

"აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც 'სოფლის ნობათის' რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს" - განაცხადა იმნაძემ

ივანიშვილის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

"როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი" - წერია სამინისტროს განცხადებაში


​​​​სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, "თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად".
 

კომენტარები