რძის ნაწარმი

რძის ნაწარმზე აგვისტოდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2015 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი", რომლის მიხედვითაც რძის ნაწარმის ეტიკეტზე წარწერა: რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს და მის ეტიკეტზე არის მითითებული ზემოთ ჩამოთვლილი, მაშინ მისი მწარმოებელი დაჯარიმდება. რეგლამენტი სრულად 2016 წელს ამოქმედდება. 

თბილისის სუპერმარკეტებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს პირადად შეამოწმა, თუ რამდენად სრულდება რეგლამენტის მოთხოვნები. მან სურსათის სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად რამდენიმე დარღვევაც აღმოაჩინა. ოთარ დანელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესი სრულად იყოს დაცული და მომხმარებელმა იცოდეს, რა შემადგენლობის პროდუქტს ყიდულობს. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროდუქტის შეძენის წინ ეტიკეტს დააკვირდნენ.

„ახალი რეგულაციები ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. “რძისა და რძის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ რძის ყველა პროდუქტზე ვრცელდება და გამონაკლისები არ არსებობს. სამწუხაროა, რომ აღმოვაჩინეთ რამდენიმე დარღვევა. მინდა ყველა მომხმარებელს მივმართო - დააკვირდნენ ეტიკეტს, არ მოტყუვდნენ. რეგლამენტი ითვალისწინებს, ეტიკეტზე იყოს სრულად ის ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება შემცველობას, ჩვენ რამდენიმე ნიმუში ავიღეთ, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.

რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრი“ ან „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდე იქნება დასაშვები, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება.

კომენტარები