აშშ-გრენლანდია

"არ შეგიძლია, სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინო" - დანიის პრემიერი გრენლანდიაზე აშშ-ს მიმართავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი

დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიაში ვიზიტისას მოწოდებით გამოვიდა, აშშ-მ და დანიამ არქტიკაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ და ამასთან, აშშ-ს მიერ გრენლანდიის "ანექსირების" სურვილი გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

"მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მესიჯი პირდაპირ გავუგზავნო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს მხოლოდ გრენლანდიას ან დანიას არ ეხება, ეს ეხება მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჩვენ ატლანტიკის გასწვრივ წლების განმავლობაში ვაშენეთ. შენ არ შეგიძლია, მოახდინო სხვა ქვეყნის ანექსია მაშინაც კი, როდესაც უსაფრთხოების არგუმენტი გაქვს". - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას. 

ფრედერიკსენის ვიზიტს წინ უძღვის ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის რამდენიმე თვიანი დაძაბულობა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმეორებადი განცხადებების გამო აღმოცენდა, რომ გრენლანდია აშშ-ს ნაწილი უნდა გახდეს. არქტიკული კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიული ერთეულია. 

1 კვირის წინ გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვია და ვიზიტისას დანია დაადანაშაულა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოებაზე სათანადოდ ვერ ზრუნავს. ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ სტრატეგიულ ტერიტორიას უკეთ დაიცავდა. 

ვენსის მიერ დანიის აღნიშნულ დახასიათებას ფრედერიკსენმა "უსამართლო" უწოდა. 

გრენლანდიის მოქმედ და ახლად არჩეულ პრემიერმინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ფრედერიკსენმა აშშ-ს მიმართ მესიჯის მკაფიოდ გასახმოვანებლად ინგლისურადაც დაიწყო საუბარი და ვაშინგტონს არქტიკულ კუნძულზე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-დანიის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

"თუ გსურთ, რომ გრენლანდიაში უფრო მეტად იყოთ წარმოდგენილები, გრენლანდია და დანია მზად არიან და თუ ჩვენსავით გსურთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება გაძლიერდეს, მოდი, ეს ერთად გავაკეთოთ". - დაამატა ფრედერიკსენმა და ხაზი გაუსვა დანიის ძალისხმევას გრენლანდიაში უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხში, მათ შორის, დანიის მიერ ახალი არქტიკული გემების, შორი დისტანციის დრონებისა და სატელიტური შესაძლებლობების უზრუნველყოფას. აქვე დაამატა, რომ დანია აღნიშნულ სფეროში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას გამოაცხადებს. 

ფრედერიკსენის ვიზიტის პარალელურად, ერთმანეთს შეხვდნენ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი და აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი მარკო რუბიო. 

რასმუნესის თქმით, რუბიომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლება ცნო. 

შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუბიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სა და დანიას შორის "ძლიერი ურთიერთობის" მნიშვნელობას. 

კომენტარები