აშშ-ირანი-რუსეთი

ზახაროვა ტრამპზე: მუქარები ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური მუქარები ირანის ბირთვული ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ "უკანონო და მიუღებელია", ვინაიდან ამგვარი ქმედებები  მთელი მსოფლიოსთვის "რადიოლოგიურ და ჰუმანიტარულ შედეგებს" მოიტანს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

"ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ირანის მოწინააღმდეგეების მიერ სამხედრო მეთოდების გამოყენება, შეთანხმების მიღწევის კონტექსტში, უკანონო და მიუღებელია. მუქარები, რომლებიც გარედან მოდის, მაგალითად, ირანის ბირთვული ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ, რომელიც გარდაუვლად მიგვიყვანს ფართომასშტაბიან და შეუქცევად რადიოლოგიურ და ჰუმანიტარულ შედეგებამდე ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, უბრალოდ მიუღებელია". - თქვა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. 

ზახაროვას განცხადება უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას თეირანის მიმართ, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუ ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

"[რუსეთი] ერთგულია ძალისხმევისა, იპოვოს პრობლემის მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაჭრის გზები, რომლებიც გამოასწორებს დასავლურ ცრურწმენებსა და გაუგებრობას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და ამავდროულად გაითვალისწინებს თეირანის ლეგიტიმურ ინტერესებს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანად გამოყენებაში, რაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში მონაწილეობიდან გამომდინარეობს". - დაამატა ზახაროვამ. 

თეირანის მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის მუქარას 1-ელ აპრილს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც. რიაბკოვმა დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ გახმოვანებული მუქარა დაგმო და განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას "კატასტროფული შედეგები" მოჰყვება. 

"მუქარები ნამდვილად ისმის, ულტიმატუმებიც ისმის. ჩვენ ასეთ მეთოდებს მიუღებლად მივიჩნევთ, ჩვენ ვგმობთ მათ და მოვიაზრებთ, როგორც [აშშ-ს] გზას, თავს მოახვიოს საკუთარი ნება ირანულ მხარეს". - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან საუბრისას. 

რიაბკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი კომენტარები ირანთან დაკავშირებით "მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას" უწყობს ხელს. 

"ამის შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დარტყმები ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იქნება, შეიძლება კატასტროფული იყო მთელი რეგიონისთვის. 

სანამ დროა და 'მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია', ჩვენ ძალისხმევის გაორმაგება გვჭირდება, რათა გონივრულ საფუძველზე მივაღწიოთ შეთანხმებას. რუსეთმა საკუთარი კარგი სამსახური ვაშინგტონს უკვე შესთავაზა, თეირანი და ყველა ამით დაინტერესებულია". - დაამატა რიაბკოვმა. 

ამასთან, კრემლი იანვარში წინადადებით გამოვიდა, მოლაპარაკებებში შუამდგომლობა გაუწიოს ტრამპის ადმინისტრაციასა და ირანს. ამავე თვეში მოსკოვმა თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დადო. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუკი ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეთანხმებას არ დადებს. 

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებდა ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

მალევე, 31 მარტს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება.

ცნობისთვის, 7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

მოგვიანებით, 28 მარტს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის წერილს უპასუხა თეირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. 

თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა. 

"[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ" - თქვა ტრამპმა 7 მარტის ინტერვიუში. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით. 

კომენტარები