ირანი-აშშ

ხამენეის თქმით, აშშ-ს ან ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ხამენეის განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებულ მუქარას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც აშშ ირანს დაბომბავს, თუკი ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეთანხმებას არ დადებს. 

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებდა ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

თუმცა, პირდაპირ ეთერში საუბრისას ირანის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება "ნაკლებსავარაუდოა". 

პარალელურად, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ "სამხედრო მუქარებს" ინარჩუნებს. 

ამასთან,19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

მოგვიანებით, 28 მარტს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის წერილს უპასუხა თეირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. 

თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა. 

"[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ" - თქვა ტრამპმა 7 მარტის ინტერვიუში. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით. 

კომენტარები