აშშ-ირანი

არაღჩის თქმით, ირანმა ტრამპის წერილს უპასუხა ბირთვული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს უპასუხა თეირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

აბას არაღჩიმ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას თქვა, რომ წერილი აშშ-ში ომანის შუამდგომლობით გაიგზავნა. თეირანის პასუხამდე ორი კვირით ადრე არაბთა ტრამპის წერილი ირანის ხელისუფლებას გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა დიპლომატმა გადასცა. 

მედიასთან საუბრისას აბაღჩიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი უარს იტყვის ნებისმიერ პირდაპირ მოლაპარაკებებზე აშშ-სთან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მის "სამხედრო მუქარებსა" და "მაქსიმალური წნეხის" კამპანიას ინარჩუნებს. თუმცა, მინისტრის თქმით, მისაღები პირობების ქვეშ მოლაპარაკებები კვლავ შესაძლებლობად რჩება. 

2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. 

თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპმა აშშ შეთანხმებიდან გამოიყვანა. 

7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და 6 მარტს, სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ" - თქვა ტრამპმა 7 მარტის ინტერვიუში. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით. 

ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

Axios-ის ცნობით, გაურკვეველი იყო, თუ როდიდან იწყებოდა 2-თვიანი ვადის ათვლა - წერილის გაგზავნის მომენტიდან თუ მოლაპარაკებების დაწყებიდან, თუმცა, როგორც გამოცემა წერდა, ირანის მხრიდან ტრამპის გზავნილის უგულებელყოფისა და მოლაპარაკებების არ გამართვის შემთხვევაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო იერიშების მიტანის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. 

კომენტარები