ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, ისრაელი არ გამორიცხავს ირანთან ბირთვული იარაღის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას. საარმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ თეირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი საუბარი შედგეს.
"ჩვენ არ გვაქვს საუბარი ირანთან, როგორც იცით, მაგრამ მათ ცხადად თქვეს, რომ მზად არიან აშშ-სთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე. არ გამიკვირდება, თუ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება" – ამბობს საარი.
ამ საკითხზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, სამხედრო კონფრონტაცია პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება.
ბარრომ დაამატა, რომ "მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება გადამოწმებადი და გრძელვადიანად შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას." მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი".
ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.