ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
მოგვიანებით, 28 მარტს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის წერილს უპასუხა თეირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამას გარდა, უელკერის ცნობით, ტრამპმა მასთან საუბრისას თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.
NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".
"თუ რუსეთი და მე ვერ შევძლებთ უკრაინაში სისხლის ღვრაზე შეთანხმების მიღწევას, და თუკი ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც, შეიძლება, ასე არ იყოს, მაგრამ თუ ამას ვიფიქრებ, მეორად ტარიფებს დავაწესებ ყველანაირ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის". - ციტირებს ტრამპს NBC News.





