საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროევროპული პარტიების მონაწილეობით შექნილმა წინააღმდეგობის პლატფორმამ მორიგი შეხვედრა გამართა. ზურაბიშვილის განცხადებით, მასში შემავალი პარტიები შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პარტიები ე.წ. საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ - რადგან, ერთი მხრივ, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, ეს კომისია სრულიად არალეგიტიმურია და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ეს კომისია მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება [...]
ასევე, ეს კომისია იმას ემსახურება, რომ შიში დაითესოს. ახლა მიზანში პირდაპირ პოლიტიკური ლიდერები ჰყავთ ამოღებული, რადგან ხალხში ის აზრი გავრცელდეს, რომ ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართო". - თქვა ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.
1-ელ აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, პლატფორმაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ მისი პარტიის გარდა, პრეზიდენტის ახალ ფორმატს შეურთდნენ: ლელო, გახარია-საქართველოსთვის, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და თავისუფლების მოედანი.
პარტია ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, კოორდინაციისთვის ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან მზად არიან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად, შესაძლოა, ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი გახდეს.
"ახალი ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში.
მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე მკაფიო და ცალსახა უარის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად.
პარტია ახალი მზადაა, იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდივანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი". - დაწერა გვარამიამ Facebook-ზე.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კი თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ფორმატთან საკითხებისა და საჭიროებების მიხედვით ითანამშრომლებენ.
"ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით.
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც, შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით.
ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს. მაგრამ, დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია". - თქვა ბოკუჩავამ.





