ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ნოემბრის საპროტესტო აქციებზე, პოლიცია უპრეცედენტო ძალადობით გამოირჩეოდა - OMCT-ის ანგარიში

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG)  და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციებთან - მათ შორის, საიას, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და ადამიანის უფლებების ცენტრის მხარდაჭერით, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ფაქტების დამდგენი მისია ჩაატარა. 

საიას მიერ გავრცელებულ OMCT-ის ანგარიშში იდენტიფიცირებულია არასათანადო მოპყრობისა და ადამიანის უფლებებათა დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელები, რომელსაც ივანიშილის პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად იყენებდა.

"2024 წლის ნოემბერის საპროტესტო აქციებში პოლიციამ უპრეცედენტო ძალადობრივობით გამოირჩეოდა, რაც მოიცავდა საპოლიციო ძალების მხრიდან ნაკლებად საზიანო იარაღების გამოყენებას, რამაც დაარღვია შიდა საკანონმდებლო და ადამიანის უფლებებით გათვალისწინებული სტანდარტები.

აღნიშნული დარღვევები, რომლებიც დამძიმდა ახლად მიღებული შემზღუდული კანონით, რომელიც მიმართულია დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასახავს კოორდინირებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელშიც მონაწილეობას იღებს მთავრობის ყველა შტო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები, საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები, პარლამენტი და სასამართლო". - წერია OMCT-ის ანგარიშში.

როგორც OMCT-ის ანგარიშშია აღნიშნული, სპეცდანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მოიცავდა ისეთი ტიპის მეთოდებს, როგორებიცაა: 

  • ხანგრძლივი ცემას სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით
  • "კორიდორებში" გატარებას 
  • სტრესულ პოზიციაში მოთავსებას 
  • სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას 
  • მკვლელობის და სექსუალური ძალადობის მუქარებს

"ანგარიშში იდენტიფიცირებულია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებული წამების, არასათანადო მოპყრობის და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელები. ანგარიშში დოკუმენტირებულია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული ძალადობრივი ტაქტიკები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ბუნების მიუხედავად, საპოლიციო ძალები, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რეგულარულად არბევდნენ აქციებს, რისთვისაც ინტენსიურად იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და ნაკლებად ლეტალურ იარაღს, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული. 

სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც  მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით; ე.წ. "ცემის კორიდორებში" გატარება; სტრესულ პოზიციაში მოთავსება; სამედიცინო დახმარებაზე უარი; მკვლელობის და სექსუალური ძალადობის მუქარა. აღნიშნული ტიპის ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად, მათ შორის ბავშვების და შშმ პირების მიმართ. 

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შესწავლილი მტკიცებულებების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა იყო სისტემატიური, ხოლო ძალადობაში მონაწილე პოლიციელები აღნიშნულს ქმედებებს ზემდგომთა დავალებით ახორციელებდნენ.

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს უსაფუძვლო დაკავების პრაქტიკაზე, თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და მისი სპეციალური პროცედურების მიმართ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართ და ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ანგარიში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მოუწოდებს მათ:

მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ  წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვა უკანონო ქმედებები; 

გამოიყენონ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ აქტიური მონიტორინგი გაუწიოს არსებულ სიტუაციას. ასევე, გამოიყენონ ისეთი საგამოძიებო მექანიზმები, როგორიცაა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი;

დაესწრონ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების პროცესებს, რათა შეაფასონ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატონ სოლიდარობა და საერთაშორისო ყურადღება მიაპყრონ მათ საქმეებს, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ხელი ააღებინოს მათი უფლებების დარღვევებზე;

მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში და ასახვაში, მსხვერპლების რეაბილიტაციაში, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში მონაწილეობენ; მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ მათი საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა;

განიხილონ ტარგეტირებული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევებში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებისთვის". - წერია საია-ს განცხადებაში.

კომენტარები