პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა ვივამედი, კლინიკის დირექტორის ნინო ნადირაძის მიერ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. ინფორმაციას ალეკო ელისაშვილი ავრცელებს.
"არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო.
ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის.
მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს". - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, 10 იანვარს ვივამედის დირექტორმა, ექიმმა ნინო ნადირაძემ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაცია საჯაროდ განიხილა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც დართული იყო ელისაშვილის რენტგენის სურათიც.
10 იანვარს ელისაშვილმა დაწერა, რომ დაკავების შემდეგ ვივამედში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ დაჟეჟილობა ჰქონდა, გუშინ ჩატარებულმა ტომოგრაფიამ კი ნეკნის მოტეხილობა აჩვენა.
ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბერს დააკავა. შსს-ს თქმით, მას ბრალად ედებოდა ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა - საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით იყო აღძრული.
16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.





