პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

1 მარტიდან აბონენტებს სარეკლამო SMS-ებს თანხმობის გარეშე აღარ გაუგზავნიან – ახალი კანონი

Reuters

2024 წლის 1-ელი მარტიდან აბონენტები სარეკლამო შეტყობინებებს მხოლოდ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში მიიღებენ. აღნიშნული შეზღუდვა შევიდა პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ კანონში და 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

“მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა”. - წერია კანონის მე-12 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში.

კანონით ასევე დადგინდა, რომ კომპანია ვალდებულია, შეწყვიტოს ინდივიდის მონაცემების დამუშავება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.

სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განიხილავს საჩივარს მიმართვის საფუძველზე და კომპანიას დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

  • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2 000 ლარი;
     
  • 500 ათას ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3 000 ლარი;
     
  • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება

ინდივიდს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წყაროებით მოიპოვა კომპანიამ მისი საკონტაქტო მონაცემები. თუკი პირი უარს არ იტყვის სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი ითვალისწინებს საჯარო და კონკრეტულ კერძო დაწესებულებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებასაც. 

ახალი კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ “საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებული არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი”.

მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალეობებში შედის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, ამასთანავე, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა.

კომენტარები