ვივამედის დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაციას საჯაროდ განიხილავს. პოსტს დართული აქვს რენტგენის სურათიც.
"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა, ვივამედზე ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ , მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
10 იანვარს ელისაშვილმა დაწერა, რომ დაკავების შემდეგ ვივამედში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ დაჟეჟილობა ჰქონდა, გუშინ ჩატარებულმა ტომოგრაფიამ კი ნეკნის მოტეხილობა აჩვენა.
"როგორც ჩანს, ვივამედი ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.
ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი" - წერდა ელისაშვილი.
ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემებერს დააკავა. შსს-ს თქმით, მას ბრალად ედებოდა ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა - საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით იყო აღძრული.
16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.