ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის "ჯიბის ოპოზიციაა".
"მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც ხმას არ იღებს, იგივე გიორგი გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია. ნათია მეზვრიშვილით დაწყებული, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დროს, პროკურორი იყო. როგორ შეიძლება, ფარცხალაძის პირობებში პროკურორი ქალი რაიმე მორალური პედისტალიდან ლაპარაკობდეს. თავად გახარიაც მაღალ თანამდებობაზე იყო". - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.
ჟურნალისტმა ხაბეიშვილს შეახსენა, რომ მისი კოალიცია გახარიას პარტიასთან ერთიან სიაზეც თანახმა იყო.
"ბატონო ლევან, ეს აუხსენით საზოგადოებას. გუშინწინ თანახმა იყავით, რომ გახარიას პარტიასთან ერთად ერთიან სიაში ყოფილიყავით, დღეს კი ივანიშვილის პროექტს ეძახით". - უთხრა ჟურნალისტმა ხაბეიშვილს.
ხაბეიშვილმა მას უპასუხა, რომ ერთიანობის გამო, მზად იყვნენ იმ ძალებთანაც ეთანამშრომლათ, ვინც, მისივე თქმით, მათთვის მიუღებელია.
"ჩვენ ერთიანობისთვის მზად ვიყავით მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია [...] იქ გახარიასგან 5 ადამიანი თუ იქნებოდა, ამაში არანორმალური არაფერია, რადგან კოალიციური მთავრობა თუ მოვიდოდა, ისინი უმრავლესობაში მაინც ვერ იქნებოდნენ [...]
ამათ არც ერთიანობა უნდოდათ, მუდმივად ქვას ისვრიან. ამ დაპირისპირებაშიც ეგ ხალხი ნახევარზე მეტი ბუჩქებში იმალება. კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, თორემ იქ ზოგიერთი ისეთი პოლიტიკოსიცაა, ვისაც მე პატივს ვცემ და ძალიან კარგი ადამიანები არიან, ამაზე არაა ლაპარაკი, ყველაზე არაა საუბარი. მათ შორის, მიმაჩნია, რომ მათი ამომრჩევლები ამ ქვეყნის პატრიოტები არიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მე საუბარი გახარიასა და მეზვრიშვილზე მაქვს. გამოვიდნენ, სწორი პოზიცია დაიკავონ და ვიტყვი, რომ ეს არის სწორი [...] პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. მე მიმაჩნია, რომ სწორი პოზიცია უნდა დაიჭირონ" - თქვა ხაბეიშვილმა.
27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.





