პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს, აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს 22 წლის პალესტინელი კაცი, რომელიც გასულ კვირაში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას Times of Israel მოკლულის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სიკვდილამდე ნაცემი ოდაი ნასერ ალ რაბაის ცხედარი ტერორისტებმა ოჯახის სახლის წინ დატოვეს. ახალგაზრდა კაცის დაკრძალვაზე გადაღებულ ვიდეოში შეინიშნება, თუ როგორ ყვირიან დამსწრეები: "ჰამასი გარეთ!"
გავრცელებული ცნობებით, ჰამასი იმ პალესტინელებს ემუქრება, რომლებიც დაჯგუფების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა, როგორც Times of Israel წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროტესტში მონაწილე მოკლეს.
აქცია გასულ კვირაში სამი დღის განმავლობაში გადაბმულად იმართებოდა.
ღაზელმა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და სოციალურ ქსელებში გავრცელებული დემონსტრაციების ამსახველი მასალების უმეტესობა ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აქტივობების გამო ჰამასის მაღალჩინოსნები დაემუქრნენ.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ, რომელიც ღაზის სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს, 27 მარტს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არა მათ, არამედ ისრაელის წინააღმდეგ იყო მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, ინტერვიუებისა და დემონსტრაციების ამსახველი მასალებისა, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.





