ჰამასი

ჰამასი ახალ პარტნიორებს ეძებს

ჰამასი ახალ პოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებს და პოლიტიკური სტრატეგიის სავარაუდო ცვლილებაზე საუბრობს. ეს ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგი შეიძლება იყოს. ერთი მხრივ, ჰამასის მთავარი პარტნიორი სირია სამოქალაქო ომში არის ჩართული და სრულიად იზოლირებულია. მეორე მხრივ, არაბული რევოლუციის შემდეგ რეგიონში მუსლიმურმა საძმომ, სუნიტურმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ მეტი გავლენა შეიძინა. თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტია, რომელიც ისლამისტური ტენდენციებით ხასიათდება, ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებს. ამას ემატება წელს ღაზის სექტორში დაგეგმილი არჩევნები, რის გამოც წინა პლანზე წამოიწია ორ ფრაქციას, ჰამასსა და ფატჰს შორის ურთიერთობის მოგვარების მცდელობამ.
პალესტინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰამასსა და ფატჰს შორის შეუთანხმებლობაა. ამ პრობლემის გადაჭრა მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პროგრესს ჯერ ვერ მიაღწიეს. თებერვლის დასაწყისში ჰამასის ლიდერი ხალიდ მაშალი პალესტინის პრეზიდენტს, ფატჰის ლიდერს მაჰმუდ აბასს ყატარის დედაქალაქში მთავრობის ჩამოყალიბების პრობლემაზე სასაუბროდ შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაჰმუდ აბასი, ახალი არჩევნების ჩატარებამდე კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. ეს შეთანხმება ბევრისთვის იმედის მომცემი გახდა. თუმცა, მალევე, ღაზაში მყოფი ჰამასის წევრები დაუპირისპირდნენ.
შეთანხმების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა მას შეიძლება პალესტინის მომავალზე დიდი გავლენა ჰქონდეს. თუ ჰამასის პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა, ეს პალესტინისთვის შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს. ჰამასი არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას. ორგანიზაცია ამ ქვეყნის გასანადგურებლად მილიტარისტულ მეთოდებს მიმართავს. დასავლეთში ჰამასს ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ. ფრაქციებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. 
თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ჰამასი პოლიტიკას ცვლის და გამორიცხული არ არის, ძალადობაზე უარის თქმა გადაწყვიტოს. არაბული რევოლუციების ფონზე დაწინაურებული, არამილიტარისტული ისლამისტური მუსლიმური საძმო და თურქეთში მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტია, შეიძლება ჰამასისთვის წარმატების მაგალითად იქცეს. ამავდროულად, მისი ტრადიციული პარტნიორები, სირია და ირანი, რეგიონში განსაკუთრებით დასუსტდნენ. ეს ჰამასს ახალი მხარდამჭერების ძებნას აიძულებს.
ორგანიზაციის პოლიტიკის ცვლილების შესახებ სპეკულაციები მოძრაობის ლიდერის, მაშალის განცხადებებმა გამოიწვია. მისი განცხადებით, ჰამასის უმთავრესი სტრატეგია არაძალადობრივი წინააღმდეგობა უნდა გამხდარიყო. ჰამასის ერთ-ერთი წევრის თქმით, მაშალი ცდილობს ჰამასის წევრების დარწმუნებას, ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დაიწყონ, რადგან იზოლაცია პალესტინას აზიანებს.
პოლიტიკის ცვლილების მცდელობას, მაშალის მიერ ახალი პარტნიორების ძებნაც მოწმობს. იანვრის ბოლოს მაშალმა ჰამასის სათავო ოფისი სირიის დედაქალაქ დამასკოში მიატოვა და ახალი პოლიტიკური ცენტრის ძიება დაიწყო. სირია ირანთან ერთად ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. თუმცა სამოქალაქო ომის გამო, ორგანიზაცია ასადის რეჟიმს გაემიჯნა. ასადის რეპრესიების მთავარი მსხვერპლი სუნიტი მუსლიმები არიან. ამ უკანასკნელთა პოლიტიკური ორგანიზაციის, მუსლიმური საძმოს თანადგომა კი ჰამასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
ახალი გზის ძებნისას ჰამასის გზამკვლევად ასადის რეჟიმის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, ყატარი იქცა. ამით ყატარი ასადის სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. მეორე მხრივ კი, ჰამასის ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში ჩართვა სურს. ამ მცდელობის პირველი გამოვლინება, ყატარის ინიციატივით მაშალის იორდანიაში ჩასვლა იყო. ორგანიზაცია იორდანიიდან დაახლოებით ათი წლის წინ გააძევეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მონარქიამ მასთან საუბარი გადაწყვიტა. იორდანიისთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში უფრო აქტიური გახდეს და ისლამისტები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. თუმცა იორდანიის ინფორმაციის მინისტრმა, რაკან მაჯალიმ, გამორიცხა ჰამასის მიერ იორდანიაში სათავო ოფისის გახსნის შესაძლებლობა. მაშალმა კი განაცხადა, რომ ჰამასი მზად არის „პატივი სცეს ყველა შეზღუდვას, რომელთაც ორივე მხარე დაუწესებს ურთიერთობას” და „იორდანიის უსაფრთხოება და სტაბილურობა” სურს.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში გააქტიურებული თურქეთი იძენს. ჰამასის პრემიერი თურქეთის პრემიერს რამდენიმე კვირის წინ სტამბოლში შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად გაირკვა, რომ თურქეთი ჰამასისთვის მთავარი დამფინანსებელი გახდება. ორგანიზაცია დაფინანსების უმთავრეს ნაწილს ირანისგან იღებდა –  წელიწადში დაახლოებით 250 მილიონს. თუმცა, გავრცელებული ცნობით, გასულ წელს ეს თანხა ჰამასს არ მიუღია. ამის მიზეზი ირანის ეკონომიკური კრიზისი შეიძლება იყოს. ორგანიზაცია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცნობით, თურქეთი ღაზას 300 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა. 
ეს ისრაელისთვის არცთუ ისე სასიხარულო ამბავია. თურქეთი რეგიონში დასავლეთის მთავარი პარტნიორია. ახლა ანკარა ისლამისტებს უახლოვდება. ქვეყანამ დასავლეთისგან დამოუკიდებელი და მისი საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაც კი დაიწყო. თუმცა არსებობს საპირისპირო აზრიც. მასზე ფინანსური ბერკეტების მოპოვების შემთხვევაში, შეიძლება თურქეთმა ჰამასს ძალადობაზე უარი ათქმევინოს. 
მაშალის ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობებით ცხადი ხდება: ჰამასი ნელ-ნელა შორდება თავის ტრადიციულ პარტნიორებს, სირიას და ირანს. თუმცა ორგანიზაციის მიერ უახლოეს მომავალში ძალაზე უარის თქმა, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია.
მაშალის ინიციატივამ ჰამასის წევრების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დატოვა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მაჰმუდ ზაჰარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა.
ჰამასში კვლავ რადიკალური ფრთა დომინირებს, რაც თავად მაშალის პოლიტიკური კარიერის დასასრულზე მეტყველებს. გავრცელდა ცნობები, რომ ის ჰამასის ლიდერის თანამდებობას დატოვებს. 
ჰამასის ახალი მოლაპარაკებით ჩანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანი და სირია გავლენას ნელ-ნელა კარგავენ. სანაცვლოდ, რეგიონში უფრო აქტიურდება თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია და ყატარი. მოახდენს თუ არა ეს გავლენას ჰამასის იდეოლოგიაზე, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეინარჩუნებენ ეგვიპტე, თურქეთი და სხვა პარტნიორები პროდასავლურ პოლიტიკას.  

კომენტარები