აშშ-გაერთიანებული სამეფო

The Times: გაერთიანებული სამეფო ევროპაში ამერიკულ F-35-ებზე შიშების მიუხედავად მათ ყიდვას აპირებს

BELINDA ALKER/PA

გამოცემა The Times წერს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროპაში ამერიკული ავიაგამანადგურებლის, F-35-ის შესახებ შიშების მიუხედავად მათ ყიდვას აპირებს. 

მანამდე, ევროპაში გავრცელდა ვარაუდი, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურვილისამებრ F-35-ის გამორთვა ან მასზე წვდომის შეზღუდვა შეუძლია. პენტაგონმა უარყო, რომ ამ თვითმფრინავებს "გამოსართველი" აქვთ.

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირი, Unite მთავრობას მოუწოდებს, რომ არა ამერიკული F-35A-ები, არამედ ადგილობრივად წარმოებული Typhoon-ების ორი ესკადრილია იყიდოს, რადგან, ორგანიზაციის თანახმად, ამერიკული თვითმფრინავების ყიდვის შემთხვევაში შესაძლოა "ტრამპმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძოს და ჩვენივე ავიაგამანადგურებლების გამოყენების საშუალება არ მოგვცეს". 

თუმცა, როგორც გამოცემა The Times წერს, სამხედრო თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ გაერთიანებული სამეფო რიგი ქვეყნებისგან, მაგალითად, დანიისგან განსხვავებით, აშშ-სგან დამოუკიდებლად თვითმფრინავების მართვას შეძლებს, რადგან F-35-ების 15%-ს თავადვე აწარმოებს. დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდგომ ამერიკული თვითმფრინავების შეძენაზე სინანული გამოთქვა. 

"ბევრი დრო და ფული დავხარჯეთ, რომ F-35-ზე პირველი დონის პარტნიორი ვყოფილიყავით. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავის ცდებსა და მის გაგებაში ჩართულები ვიყავით. ამდენად მშვიდად არ ვიქნებოდი, დანიელი რომ ვყოფილიყავი". - თქვა ერთ-ერთმა სამხედრო პირმა გამოცემის თანახმად. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს (RAF) ავიაგამანადგურებლების დეფიციტი აქვს - RAF მოხმარებიდან 49 Typhoon-ს ამოიღებს, 17 კი უკვე აღარ გამოიყენება. 

გაერთიანებულ სამეფოს აშშ-სგან 37 ცალი F-35B ტიპის ავიაგამანადგურებელი აქვს მიღებული, რომლებიც სწრაფი აფრენისთვის არის დამზადებული, თუმცა მინისტრები თავდაცვის დაფინანსების ზრდის ფონზე მეტი F-35A-ს ყიდვას განიხილავენ, რომლებიც ჩვეულებრივი ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე მუშაობენ. 

F-35 "სტელსის" ტიპის ავიაგამანადგურებელია, რომელიც რადარებზე რთულად შესამჩნევია. გასულ წელს ისრაელმა F-35-ების გამოყენებით ირანისთვის რუსეთის მიერ მიწოდებული S-300 და S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება დანაკარგების გარეშე შეძლო. 

გარდა ამისა, F-35A-ს აქვს შესაძლებლობა, რომ B6-12 თერმობირთვული თავისუფალი ვარდნის ბომბი ატაროს.

თუმცა, როგორც The Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ინდუსტრიაში ფიქრობენ, რომ ბრიტანეთში ინჟინრები საფრთხის ქვეშ არ არიან, რადგან საუდის არაბეთი და თურქეთი Typhoon-ებს შეუკვეთავს. ამ შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო საკუთარი მოხმარებისთვის ამერიკულ F-35-ებს იყიდის, თავის ავიაგამანადგურებლებს კი უცხოეთში გაყიდის.

როგორც გამოცემა The Times წერს, F-35A საშუალოდ 64 მილიონი ფუნტი, F-35B კი 85 მილიონი ფუნტი ღირს, ხოლო Eurofighter Typhoon-ის საშუალო ღირებულება £73 მილიონს შეადგენს.

"Typhoon კარგი თვითმფრინავია, მაგრამ F-35-ის მსგავსად "სტელსის" ტიპის ბომბდამშენი არ არის. Typhoon არ არის მომავალი". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ The Times-თან საუბრისას.

კომენტარები