დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

NBC: ტრამპის თქმით, მესამე ვადით პრეზიდენტობაზე "არ ხუმრობს"

Mark Wilson / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ "არ ხუმრობს" მესამე ვადით პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, თუმცა დაამატა, რომ ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ძალიან ადრეა.

30 მარტს გამართულ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა, რომელიც 2024 წელს მეორე არათანმიმდევრული ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, თქვა, რომ ამ საკითხზე საუბრისას იგი არ ხუმრობს და აღნიშნა, რომ ამისთვის შესაბამისი გზები არსებობს.

"არა, არ ვხუმრობ. არ ვხუმრობ. [...] ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი. როგორც იცით, არსებობს მეთოდები, რითაც ამის გაკეთება შეიძლება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

აშშ-ს კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიხედვით, პრეზიდენტებს თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ ორი ვადით შეუძლიათ. აღნიშნული შესწორება აშშ-ში 1951 წელს მიიღეს. მანამდე ფორმალური ლიმიტი არ არსებობდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ორ ვადაზე მეტი ხნით თანამდებობაზე ყოფნას უზღუდავდა. მაგალითად, ფრანკლინ დელანო რუზველტი 1933-1945 წლებში პრეზიდენტი ოთხი ვადით იყო.

კომენტარები