პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, რუსეთი საფრთხედ დარჩება მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი იქნება ხელისუფლებაში.
ეს მოსაზრება შიკორსკიმ სატელევიზიო არხ TVN 24-თან ინტერვიუში გააჟღერა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალთა ბალანსი და უსაფრთხოების დონე ევროპის კონტინენტზე რუსეთისა და უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
"ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი დიდი მეზობელი, რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას ვლადიმერ პუტინი უდგას სათავეში" – განაცხადა მან.
შიკორსკის თქმით, დღევანდელი რუსეთი სისხლიანი დიქტატურაა, რომელსაც უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე დაღმავლობის პერიოდში მყოფ საბჭოთა კავშირს ჰყავდა.
"რუსეთში შეიქმნა ტვინის გამორეცხვაზე დაფუძნებული იდეოლოგია, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ, რუსეთი ამ მთავრობისა და ამ სახელმწიფო იდეოლოგიის პირობებში საფრთხედ დარჩება მანამ, სანამ მას ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს" - მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.