"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოეხმაურა.
ორგანიზაციის განცხადებით, ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებული ძალა და დაკავების შემდგომი მოპყრობა ცალსახად წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
"პოლიციის მიერ ჩხრეკისა და პირადი დათვალიერებისას ადამიანის სრულად გაშიშვლების იძულება წინააღმდეგობაშია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებთან". - წერია PHR-ის განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჩხრეკისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახველ მოპყრობად, თუ იგი არ ეფუძნება მკაფიო სამართლებრივ საფუძვლებს, არ არის პროპორციული და აუცილებელი.
"სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
დათვალიერება და ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მისი ღირსების პატივისცემის დაცვით. გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ამის გარეშე ვერ მიიღწევა ჩხრეკის მიზანი, და ის უნდა ჩატარდეს კონკრეტული პროცედურების დაცვით, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავებულის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოება, მისი ღირსების და პატივის დაცვა". - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
PHR-ის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული ქალები პოლიციის მხრიდან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ობიექტები ხდებიან.
"ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.
სამართალდამცავ ორგანოებში მსგავსი ქმედებების გახშირება მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები სულ უფრო მეტად ემიჯნებიან დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს – კანონის უზენაესობას, მართლწესრიგის დაცვას და ადამიანის უფლებების პატივისცემას". - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულია, არამედ ის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, როგორც "რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტი".
"იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ სექსუალური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, მათი მიზანი ხშირად არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის დასჯა, არამედ გაცილებით ფართო სოციალური ეფექტის მიღწევა – პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება და მათთვის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის სარისკოდ გამოცხადება.
ასეთ ვითარებაში პოლიცია კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციას და მას პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცევს". - ნათქვამია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებაში.
ელენე ხოშტარია პარლამენტთან აქციაზე 28 მარტს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





