2025 წლის იანვარ-თებერვალში ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) ქართული ოცნების მხარდამჭერთა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორების კვლევა ჩაატარა.
დოკუმენტი ქართული ოცნების მხარდამჭერების გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის ანალიზს მოიცავს. კერძოდ, რა განსაზღვრავს მათ ერთგულებას მმართველი პარტიისადმი, რა ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმები ტოვებს მათ არსებულ სტატუს კვოში და არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა მათ საკუთარი პოზიციის გადახედვისკენ უბიძგოს.
კვლევის ავტორებმა გამოიყენეს ქცევითი მეცნიერების მიდგომა იმ ძირითადი ფაქტორების გასაანალიზებლად, რომლებიც განსაზღვრავენ ქართული ოცნების მხარდამჭერთა გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მეთოდოლოგია მოიცავდა არასტრუქტურირებულ კითხვარს და პირისპირ ჩაღრმავებულ ინტერვიუს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევითი რუკის შექმნა, რომელიც ასახავს მხარდამჭერთა ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ ფაქტორებს, რაც ასაზრდოებს მათ წინააღმდეგობას პოლიტიკური ცვლილებების მიმართ.
რესპონდენტები შეარჩიეს ქცევითი მოდელებისა და ფსიქოლოგიური პროფილების საფუძველზე და არა მხოლოდ დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. საერთო ჯამში ჩატარდა 20 სიღრმისეული ინტერვიუ 26-დან 52 წლამდე 10 კაცსა და 10 ქალთან, თბილისსა და სხვა ურბანულ ქალაქებში.
- ბიზნესის მფლობელები – პირები, რომლებიც აფასებენ ეკონომიკურ სტაბილურობას და ამის გამო, შესაძლოა, ეგუებოდნენ სტატუს კვოს
- საჯარო სექტორის თანამშრომლები – ისინი, ვინც განიცდიან ინსტიტუციურ ლოიალურობას ან სამსახურის დაკარგვის შიშს, რაც ცვლილების მიმართ ინერტულობას იწვევს.
- სოციალურად მოწყვლადი მხარდამჭერები – დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ვისთვისაც სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარება პოლიტიკურ ლოიალურობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
- მაღალი სოციალური ფენის მხარდამჭერები – ურბანული მხარდამჭერები, რომლებიც თავის პოზიციას პრაგმატიზმით ან ალტერნატივებისადმი სკეპტიციზმით ამართლებენ.
თითოეული მხარდამჭერთა სეგმენტი შეამოწმეს მმართველი პარტიის ძირითადი პოლიტიკური ნარატივების გავლენაზე, მათ შორის:
- რუსეთ-დასავლეთის დილემა, ომისა და არასტაბილურობის შიში
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - როგორც დაშინების ტაქტიკა
- იდენტობის მოშლის შიში (მაგალითად, ლგბტ უფლებები, კულტურული ტრანსფორმაცია)
- ალტერნატივის არარსებობა (“თუ არა ქართული ოცნება, მაშინ ვინ?")
კვლევამ გამოავლინა სამი ძირითადი კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს მხარდამჭერების მოტივაციებსა და პოტენციურ ტრიგერებს მათი პოლიტიკური არჩევანის შეცვლისთვის:
- ფუნქციური ღირებულებითი მიზნები – პრაქტიკული საჭიროებები, რომელთა საფრთხის ქვეშ ყოფნის შემთხვევაში მხარდამჭერები ალტერნატივის ძიებას იწყებენ.
- ემოციური ღირებულებითი მიზნები – პირადი შფოთვები და შიშები, რომლებიც შეიძლება მმართველი პარტიისადმი ნდობას არყევდეს.
- სოციალური ღირებულებითი მიზნები – როგორ ახდენს გავლენას მათი კუთვნილების განცდა, იდენტობა და გარემოცვის შეხედულებები მათ მზადყოფნაზე პოლიტიკური ცვლილებისთვის.
ტაბულამ კვლევასთან დაკავშირებით მის ავტორთან, BISC Partners -ის ქცევის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელთან, ქეთევან გომელაურთან ინტერვიუ ჩაწერა:
რა იყო კვლევის მიზანი და ძირითადი მიგნებები?
მიზანი იყო ქართული ოცნების მხარდამჭერების და ნეიტრალური განწყობილი მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის შესწავლა. კერძოდ, დაგვედგინა, რა განსაზღვრავს მათ ერთგულებას მმართველი პარტიის მიმართ და ასევე, რა შეიძლება იყოს ერთგვარი გულგრილობის მიზეზი მიმდინარე მოვლენების ფონზე, რა ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმები ტოვებს მათ არსებულ სტატუს კვოში და არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება, მათ უბიძგოს საკუთარი პოზიციის გადახედვისკენ.
მათი პოლიტიკური არჩევანის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებზე - კოგნიტური მიკერძოებებიდან გარე ზეწოლების ჩათვლით - ფოკუსირებით, ვეცადეთ, გაგვეგო, ერთი მხრივ, რა ბარიერები უშლის ხელს მათი პოლიტიკური პოზიციის შეცვლას, ხოლო მეორე მხრივ, რა არის ის სტიმულები, რომელიც შეიძლება გახდეს მათი პოზიციის ცვლილებისკენ მიმართვის წინაპირობა.
ვფიქრობ, კვლევის შედეგები იძლევა ღირებულ ხედვას ქართული ოცნების მხარდამჭერთა და ნეიტრალური მოქალაქეების ქცევის შესახებ, რაც დაეხმარება პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდასა და დამოკიდებულების ცვლილების სტრატეგიების დაგეგმვას.
მიგნებები ძალიან საინტერესოა და არც თუ ისე ცოტა, რაც კვლევის დოკუმენტში დეტალურად არის გადმოცემული, თუმცა შეჯამების სახით რამდენიმე ყველაზე საგულისხმო მიგნებაზე გავამახვილებდი ყურადღებას.
ერთ-ერთი მთავარი მიგნება უკავშირდება ღირებულებით და იდეოლოგიურ ბმას. კვლევამ გვიჩვენა, რომ ჩვენდა გასაოცრად, ეს ბმა მმართველ პარტიასთან არ არსებობს. შესაბამისად, მხარდაჭერთა არსებულ ქცევას დავარქვით “ტრანზაქციული ლოიალურობა”. კერძოდ, ქართული ოცნების მხარდაჭერა დაფუძნებულია მეტწილად პირად სარგებელზე და არა ემოციურ ან რაიმე სხვა ტიპის მიჯაჭვულობაზე. იდეოლოგიური ბმა არ იკვეთება, ხოლო ერთგულება/ლოიალურობა მუშაობს მხოლოდ ე.წ. გამოყენებით, ცხოვრებისეულ დონეზე და შესაბამისად ის მყიფეა.
ასევე საგულისხმო მიგნებაა შინაგანი, კოგნიტური დისონანსი, რომელსაც განიცდიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები. უკლებლივ ყველა რესპონდენტი განიცდიდა შინაგან დისონანსს, თუმცა სხვადასხვა ინტენსივობით. ეს გამოწვეულია ქართული ოცნების რეაგირებით მიმდინარე საპროტესტო მოვლენების მიმართ: ძალადობა, რეპრესიული ქმედებები, დაპატიმრებები მიუღებელია რესპონდენტების უმეტესობისთვის, ხოლო ამ შინაგანი დისკომფორტის დასაძლევად ისინი პროპაგანდისტულ ნარატივებს იშველიებენ ე.წ. “ემოციური ან მორალური ალიბების” სახით.
სოციალური მიუღებლობა არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც მხადამჭერებში არსებულ კოგნიტურ დისონანსს კიდევ უფრო აძლიერებს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ქართული ოცნების ქმედებები არ იმსახურებს მოწონებას და იწვევს დიდ შინაგან დისკომფორტს - პოლიტიკური აფილაცია დასაძრახია. მმართველი პარტიის მხარდაჭერა რესპონდენტებში უკვე ემოციურ ტკივილთან ასოცირდება და ამას სოციალური ფასი აქვს (გარიყულობის შეგრძნება).
ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტებში საკმაოდ მაღალია კრიზისის შეგრძნება. ეს ძირითადად განპირობებულია ქუჩის პროტესტებითა და სოციალური წნეხით, რომელიც საზოგადოებიდან მოდის. არსებული კრიზისის უგულებელყოფა არის ამ შეგრძნებასთან გამკლავების მექანიზმი, რომელსაც მხარდამჭერები მიმართავენ - გადაბარება მმართველ პარტიაზე და პასუხისმგებლობის საკუთარი თავიდან არიდება.
პროპაგანდა, როგორც შეგუების მექანიზმი - გამოიკვეთა, რომ პროპაგანდისტული გზავნილები მყარად არის გამჯდარი და ამას აქვს ახსნა. პროპაგანდა უაღრესად გამართულად სტრუქტურირებულია და ეხმიანება მოსახლეობის ამ ნაწილს, რადგან კარგად შეიძლება ამ ნარატივების გამოყენება შინაგანი დისკომფორტის დასაძლევად.
კიდევ რამდენიმე მიგნებას გაგიზიარებთ, რომლებიც საგულისხმო და ვფიქრობ, ყურადსაღებია პოლიტიკურ პროცესში ჩართული მოთამაშეებისთვის:
რესპონდენტების წარმოდგენაში, პოლიტიკური ოპოზიცია გაიგივებულია მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კავშირში “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“, სხვა პოლიტიკური პარტიები არც კი ტივტივდება მათ მყისიერ მეხსიერებაში. ეს რესპონდენტების ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური კომფორტია. უმყარებს მათ რწმენას, რომ პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის სადავეებში მობრუნებას ნიშნავს და არ არსებობს რეალური პოლიტიკური სხვა ალტერნატივა. ეს ამართლებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას და ამცირებს კოგნიტურ დისონანსს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, უკმაყოფილოები არიან მმართველი პარტიით, თუმცა ალტერნატივის არარსებობა იგივე არჩევანში ტოვებს. ეს ამყარებს კომფორტს “ძველთან დარჩენის“ და უკვე ნაცნობი სისტემის შენარჩუნების იდეას, თუნდაც ეს სისტემა იდეალური არ იყოს. ერთ-ერთ უპირობო ფაქტორად აღიარებულია “ბიზნესის გათავისუფლება წნეხისგან“.
აქვე გამოიკვეთა, რომ კოალიცია რესპონდენტებში ნიშნავს ქაოსს. მათი დიდი ნაწილი კოალიციური მთავრობის იდეას პერსპექტიულ ალტერნატივად კი არა, სახიფათო ექსპერიმენტად აღიქვამს. მთავარი შიშია, რომ კოალიციური მმართველობა საქართველოში ქაოსს, არეულობას და პოლიტიკურ პარალიზებას გამოიწვევს. გავრცელებულია აზრი, რომ კოალიციაში არავის ექნება რეალური ძალაუფლება, რაც შიდა კონფლიქტებსა და დაუსრულებელ კრიზისებს გამოიწვევს, ხოლო ქვეყნის განვითარება სრულიად შეჩერდება. კიდევ ერთი დიდი შიში ისაა, რომ კოალიციური მმართველობა არანაირ რეალურ ცვლილებას არ მოიტანს. ბევრის აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ახალი პარტია შევა ხელისუფლებაში, პოლიტიკური სისტემა იგივე დარჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შესაძლო დაბრუნებაა. რესპონდენტთა ნაწილი შიშობს, რომ კოალიცია ენმ-ისთვის ძალაუფლების დაბრუნების გზაა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი წევრები ახლა სხვა პარტიებში არიან.
"ჩემი აზრით, კოალიციური მთავრობა აქ ვერაფერს შეცვლის. გამოსავალი, ისევ და ისევ, ჩემი სუბიექტური აზრით, არის ახალი, ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციის გაჩენა - და არა 2000-იანი და 90-იანი წლების ეს ნარჩენები, რასაც დღეს ვხედავთ.“ - ამბობს კვლევაში მონაწილე ერთერთი რესპონდენტი.
კვლევის მონაწილეებში რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ფარული სიმპატიაც არ იკვეთება, თუმცა მაღალია ე.წ. “ნეტრალიტეტის მოთხოვნილება,” რაც აღქმულია როგორც მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმი.
“გასაგებია, რომ რუსეთი არ არის ჩვენთვის საყვარელი, ჩვენთვის გადამკვდარი ქვეყანა, თუმცა მაინც იმას ვთვლი, რომ შენი მეზობელი არ უნდა გაანაწყენო იმ დონეზე, რომ ვიცით რამხელა სახელმწიფოა და ერთი ლუკმით შეუძლია ჩვენი ჩაყლაპვა” - შიშზე დაფუძნებული ეს მსჯელობა საქართველოს პატარა, დაუცველ სახელმწიფოდ წარმოაჩენს, რომელიც დიდ ძალებს შორისაა მოქცეული. ნეიტრალიტეტი, ან თუნდაც რუსეთთან გარკვეული დათბობის სტრატეგია ერთადერთ რაციონალურ გზად აღიქმება.
მმართველი პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესაძლოა, მიანიშნებდეს მოსკოვისკენ სვლას, მაგრამ რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ქართული საზოგადოება თავად არ დაუშვებს მსგავს განვითარებას. ეს რწმენა, რომ საქართველო ბუნებრივად წინააღმდეგია ავტორიტარიზმის, ამცირებს რუსული გავლენის შიშს და ამყარებს რწმენას, რომ საზოგადოება შეძლებს ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის დაცვას.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური “ნუგეში” რესპონდენტებისთვის არის რწმენა, რომ ახალგაზრდა მომიტინგეები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და ისინი გარე ძალების - დასავლეთის ან ოპოზიციის მიერ არიან მართული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რაციონალიზაცია ეხმარება მათ, გაამართლონ პროპაგანდისტული ნარატივები, დააკნინონ პროტესტი და თავი აარიდონ მისი რეალური მოთხოვნების სიღრმისეულ გააზრებას, ეს მაინც გაუცნობიერებელი აღიარებაა იმისა, რომ რომ ქართული ოცნება ახალი თაობის იმედებს ვერ ამართლებს.
რა დაადგინა კვლევამ - რას ეყრდნობა ქართული ოცნების სტრატეგია ამომრჩეველთან კომუნიკაციისას?
ავტოკრატიული რეჟიმები ხშირად იყენებენ ადამიანის კოგნიტურ მიკერძოებებს პროპაგანდის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, რაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებასა და ძალაუფლების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. მსგავსი რეჟიმები მიმართავენ ისეთ ევრისტიკებს (heuristics), როგორიცაა ხელმისაწვდომობის მიკერძოება (availability heuristics), დადასტურების მიკერძოება (confirmation bias) და ავტორიტეტის მიკერძოება (authority bias), რათა შექმნან ნარატივები, რომლებიც სიღრმისეულად ეხება ინდივიდების წინასწარ ჩამოყალიბებულ რწმენებსა და შიშებს. ეს მანიპულაცია ხშირად ეყრდნობა განმეორებას, ემოციურ მიმართვებს და ინფორმაციის სტრატეგიულ გამოტოვებას ან დამახინჯებას, რათა შეიქმნას სტაბილურობის, ძალაუფლების ან მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე საფრთხეების აღქმა.
ქართული ოცნების მაგალითზე, მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ კარგად ესმის ამ ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობა. მათი კომუნიკაციის სტრატეგია ხშირად ეყრდნობა ისეთ თემებს, როგორიცაა ეროვნული იდენტობა (ევროკავშირი ჩვენ თვითმყოფადობის საფრთხეს შეუქმნის), ეკონომიკური უსაფრთხოება (ცვლილება მოიტანს ქაოსს) და გარე საფრთხეები (ომში ჩათრევის პოტენციური საფრთხე), რაც ზუსტად ერგება მათ მხარდამჭერთა სოციო-კულტურულ ღირებულებებსა და შიშებს. ამ გზით ისინი აძლიერებენ მათ ერთგულებას და თრგუნავენ პროტესტს, მიუხედავად ეკონომიკური ან მმართველობითი გამოწვევებისა.
რა არის რესპონდენტების დასახელებული მთავარი მიზეზები, რის გამოც მისცეს ხმა ქართულ ოცნებას?
სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე შექმნილი ქცევითი რუკა განმარტავს იმ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მექანიზმებს, რომლებიც ამყარებს ქართული ოცნების მხარდამჭერთა პოლიტიკურ არჩევანს და განაპირობებს წინააღმდეგობას ცვლილების მიმართ. ამ დინამიკებს გადამწყვეტი როლი აქვთ განვსაზღვროთ, შეინარჩუნებენ მხარდამჭერები მმართველი პარტიის მიმართ ერთგულებას, თუ გაეზრდებათ მიმღებლობა ცვლილების მიმართ.
პრობლემები, რომლებიც იწვევს დისკომფორტს და შეიძლება ცვლილების სურვილი გააჩინოს - ქართული ოცნების ბევრ მხარდამჭერში თვალსაჩინოდ მზარდია არსებული მმართველობით, ეკონომიკური პრობლემებითა და პოლიტიკური რეპრესიებით გამოწვეული იმედგაცრუება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ საკუთარი არჩევანის შეცვლაზე, კორუფციის, ნეპოტიზმისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაკარგვის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. თუმცა, ეკონომიკური არასტაბილურობის, რუსეთის გავლენისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ უნდობლობის შიში, მათ ხელს უშლის, აქტიურად ეძებონ ალტერნატივა და ტოვებს უკმაყოფილების ციკლში, ყოველგვარი ქმედების გარეშე.
აღქმული სარგებელი, რომლებიც შეიძლება ქცევის ცვლილების მოტივატორი გახდეს - მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერთა უმეტესობას უჭირს რეალური ალტერნატივის წარმოდგენა, ზოგიერთმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკურმა ცვლილებამ (“რაღაც ახალი”, “ახალი სისტემა”) - შესაძლოა, გაზარდოს გამჭვირვალობა, ეკონომიკური შესაძლებლობები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. მათ შორის, დაუბრუნოს საქართველოს საერთაშორისო სცენაზე არახელწამოსაკვრელი მოთამაშის როლი. მიმდინარე მოვლენების ფონზე, მატულობს ქვეყნის იზოლაციაში აღმოჩენის საფრთხე და საქართველოს გაქრობა სტრატეგიული ინტერესების რუკიდან, რაც არ არის თანხვედრაში ქვეყნის ეროვნულ სიამაყესთან.
"აქ არის საუბარი რომ ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი ვიჭყლიტებით თუნდაც იმ სანქციებით, თუნდაც იმ დასმენებით და თუ ყველაფერი სწორად აეწყობოდა, იმ ჩარჩოებში ჩაჯდებოდა რომ ყველა წავიდოდა ევროპისკენ, ამერიკისკენ და თუნდაც რუსეთთან რაღაც მომენტში მოლაპარაკებების გზაც გვეპოვნა - იმის მიუხედავად, გვინდა ეს თუ არა, ის მაინც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა - ეს იქნებოდა იდეალური სცენარი." - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ისეთი ხელმძღვანელობის იმედი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ოლიგარქიულ კონტროლზე მაღლა აყენებს, შეიძლება იყოს მოტივატორი. თუმცა, ეს სარგებელი აბსტრაქტული და არასაკმარისად ხელშესახებია, რაც ართულებს მხარდამჭერებში ცვლილებისკენ აქტიურ სწრაფვას.
შეჩვეული სტაბილურობა, რომელიც ამყარებს პოლიტიკურ ლოიალურობას და ხელს უშლის ცვლილებას - ბევრი მხარდამჭერი პროგნოზირებად სისტემაში კომფორტს პოულობს, მიუხედავად იმისა, რომ მის ნაკლოვანებებს აღიარებს. მმართველი პარტიის ნარატივები ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეკონომიკური უწყვეტობის შესახებ ქმნის უსაფრთხოების განცდას, რაც აძლიერებს რწმენას, რომ ცვლილება სარისკოა. ხანგრძლივი ანტი-ოპოზიციური პროპაგანდა კიდევ უფრო ამყარებს ამ კომფორტის ზონას, და პოლიტიკურ უმოქმედობას გარდაქმნის გონივრულ არჩევნად და არა ცვლილების თავიდან არიდებად.
შიშები, რომლებიც პოლიტიკურ გარდამავალ პროცესს სარისკოდ და საფრთხის შემცველად აღაქმევინებს - ქაოსის, არასტაბილურობისა და გარე ძალების ჩარევის შიში ღრმად ფესვგადგმულია მხარდამჭერთა ფსიქოლოგიაში. გარე ძალებში რესპოდენტები გულისხმობენ ევროკავშირს (ნაკლებად აშშ) და მათ აქვთ განცდა, რომ დასავლეთთან ყოველი ნაბიჯით დაახლოება, ზრდის რუსეთთან კონფლიქტის რისკს. მიუხედავად იმისა, მათ ცალსახად სურთ საქართველო იხილონ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, გაწევრებამდე სავალ გზაზე, რუსეთის განრისხების დასაზღვევ ხელშესახებ მექანიზმებს ვერ ხედავენ. შესაბამისად, მათთვის დასავლეთთან დაახლოება გაცილებით მეტის რისკის მატარებელია, ვიდრე დაუცველად რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოქცევა. ამის გამო, უწევთ შინაგან კომპრომისზე წასვლა - აცნობირებენ რა საქართველოს დაშორებას ისტორიული ეროვნული მიზნისგან (ეს ძალიან ადარდებთ), ფიქრობენ, რომ ახლა შესაძლოა ასე სჯობდეს - “ბეწვის ხიდზე დავდივართ.”
ანტი-ოპოზიციური პროპაგანდა ამ შფოთვას კიდევ უფრო ამძაფრებს, რის შედეგადაც მხარდამჭერებს უყალიბდებათ განცდა, რომ მმართველი პარტიის ალტერნატივა ან წარსულ ქაოსს დაუბრუნებს ქვეყანას, ან გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდებს. ეს შიშზე დაფუძნებული პარალიზება ხელს უშლის მათ ალტერნატიული პოლიტიკური არჩევანის განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ არსებული მმართველობის მიმართ უკმაყოფილებას აღიარებენ.
ეს პრობლემები, სარგებელი, კომფორტები და შფოთვები ნათლად ასახავს იმ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა, ამყარებს მხარდამჭერთა ლოიალურობას ქართული ოცნების მიმართ.
ამ ციკლის გასატეხად საჭიროა:
- მხარდამჭერთა შიშების გადალახვა და მათი უსაფრთხოების განცდის გაძლიერება,
- ცვლილების ხელშესახები სარგებლის წარმოჩენა,
- პოლიტიკური ინერციის კომფორტის დაშლა, რათა ცვლილება აღიქმებოდეს არა როგორც რისკი, არამედ როგორც აუცილებელი და უსაფრთხო ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.
კვლევით დგინდება, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების მმართველ პარტიასთან ღირებულებითი ბმა ძალიან სუსტია - რამ შეიძლება ქართული ოცნების მყიფე მხარდაჭერა ჩამოშალოს?
ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯები (კანონების გამკაცრება, დაჯარიმებები, სამსახურიდან გაშვება) და სხვა რეპრესიული ზომები ერთ მიზანს ემსახურება - ყველასთვის უკიდურესად გაიზარდოს პროტესტში მონაწილეობის ფასი. მონაწილეობა იმდენად “ძვირდება“, რომ ბევრი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს და ღირებულებითი დილემის წინაშე დადგეს. ხოლო ადამიანს, რომელიც ისედაც არ მონაწილეობდა პროტესტში, თუმცა გარკვეული უკმაყოფილება მმართველი პარტიის მიმართ აქვს, კიდევ უფრო ეკარგება მოტივაცია, შემოვიდეს ოპოზიციურ ველზე.
საპასუხო სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს არა ამ ფასის გაზრდა, არამედ შემცირება მოქალაქისთვის. თვისებრივი კვლევით დგინდება, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც უკმაყოფილოა, თუმცა არ შემოდის ოპოზიციურ ველზე, რადგან მისთვის ამ მომენტში “არ არის მომგებიანი“, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია “არ მინდა, მხარე ვიყო“ (რადგან უნდობლობაა ოპოზიციის მიმართ და ამავე დროს თავის მართლება, თუ როგორი ობიექტური და ნეიტრალურია, “არავის მხარეს არაა“). შესაბამისად, უნდა გამოიკვეთოს “მომგებიანობის“ ელემენტები: ა) კრიზისის გაღრმავება და ბ) სოციალური მიმღებლობის გაღრმავება.
რა იწვევს დისკომფორტს ქართული ოცნების ამომრჩეველში და რამ შეიძლება მათში ცვლილების სურვილი გააჩინოს, რა შეიძლება ოცნების მხარდამჭერებისთვის არჩევანის გადახედვის მოტივაცია გახდეს?
ადამიანებს ძალიან ძლიერი მოტივაცია სჭიდებათ, რომ გამოვიდნენ სტატუს კვოდან (გაბატონებული წესრიგი). ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოვლინდა სამი ძირითადი ღირებულებითი მიზანი, რომლებიც განსაზღვრავს მხარდამჭერთა ცვლილების მოტივაციასა და შესაძლო მამოძრავებელ ფაქტორებს (ტრიგერებს):
- ფუნქციური ღირებულებითი მიზნები – ქართული ოცნების მხარდამჭერები პრიორიტეტს ანიჭებენ სტაბილურობას, თუმცა შესაძლოა მიესალმონ ცვლილებებს, თუკი არსებულ სტატუს კვოში, მათი ეკონომიკური უსაფრთხოება, ქვეყნის სუვერენიტეტი ან დემოკრატიული უფლებები საფრთხის წინაშე დადგება. კორუფციამ, ეკონომიკურმა სტაგნაციამ და რუსეთის მზარდმა გავლენამ შესაძლოა შეარყიოს მათი ნდობა მმართველი პარტიის მიმართ. სტატუს კვოდან გამოსასვლელად მათ უნდა დაინახონ, რომ ცვლილება სტაბილურობისკენ მიმავალი გზაა და არა არეულობის წყარო.
- ემოციური ღირებულებითი მიზნები – გაურკვევლობის შიში მხარდამჭერებს არსებულ არჩევანში ტოვებს. ბევრს უმწეობის განცდა ნამდვილად აქვს პოლიტიკური კონტროლის, ცენზურის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების წინაშე, თუმცა მაინც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ცვლილებისთვის, უნდა გაუმყარდეთ მათი საფუძვლიანი შიშები, ხელშესახები გახდეს დემოკრატიული სისტემის ეროზია და დაინახონ, რომ ცვლილება აუცილებელი და გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სარისკო.
- სოციალური ღირებულებითი მიზნები – პოლიტიკური არჩევანი ღრმად პირადულია და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოჯახზე, სოციალურ წრეზე და ეროვნულ იდენტობაზე. ბევრი ყოყმანობს პოზიციის შეცვლაზე სოციალური განკითხვის, პოლარიზაციის ან გარე ძალების მანიპულაციის შიშით. მნიშვნელოვანია, მოხდეს პოლიტიკური ცვლილებების ნორმალიზება, როგორც ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, როდესაც წაგება გარიყვას და პოლიტიკური მოედნიდან გაქრობას არ ნიშნავს.
რა უნდა შესთავაზონ ალტერნატიულმა ძალებმა ოცნების ამომრჩევლებს, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის საკომუნიკაციო სტრატეგია?
ფუნქციური, ემოციური და სოციალური ღირებულებითი მიზნების გათვალისწინებით, რომელიც აღვნიშნე, ალტერნატიულმა ძალამ უნდა შეიმუშაოს ისეთი გზავნილი, რომელიც იქნება რეზონანსული, დამაჯერებელი და მოახდენს მხარდამჭერების მობილიზებას - რათა ეჭვი გარდაქმნას მოქმედებად.
რუსეთი და ომის საფრთხე: ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი აზრით, უკავშირდება იმას, რომ მმართველმა პარტიამ კარგად მოახერხა საფრთხედ დასავლეთის წარმოჩენა, ხოლო რუსეთის საფრთხე “მოათვინიერა“. მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ რუსეთის საფრთხესთან გამკლავება შეიძლება, თუკი “არ გავაღიზიანებთ“. შესაბამისად, ამ ნარატივის დამარცხება არის უმთავრესი ამოცანა. რასაკვირველია, ამის გაკეთება მხოლოდ კარგად გამოკვეთილი სტრატეგიითაა შესაძლებელი, რომ განცხადებების უკან არგუმენტებიც იკითხებოდეს.
მაგალითად, ჯერჯერობით მოსახლეობის აღქმაში ოპოზიციის მხრიდან ილექება მხოლოდ კრიტიკა, მაგრამ არა - რეალური გადაწყვეტები ან ხედვა, თუ როგორ შეიძლება, რუსეთისგან დავიცვათ თავი. ერთადერთი მესიჯი “ევროინტეგრაცია მოგვიტანს მშვიდობას” არადამაჯერებელია და არ ახლავს არგუმენტები, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე სამწლიანი კონფლიქტის და დასავლეთის პასიურობის ან არასაკმარისი აქტიურობის ფონზე. ეს რამდენიმე ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული, უსაფრთხოების ნარატივების დასაგეგმად.
ევროპული არჩევანის კომუნიკაციაც უნდა გადაიხედოს. კვლევით ირკვევა, რომ ევროპული არჩევანი უპირობოა, თუმცა ასევე იკვეთება უკმაყოფილება, რომ “ევროპა გვსჯის“ და “რაღაც თამაშია“. ევროპული არჩევანი უფრო პრიალა ჟურნალის ყდა არის, ხოლო ძირითადი ხელშესახები სარგებელი - ვიზალიბერალიზაცია, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა. ევროპული სტანდარტის შემოსვლა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოითხოვს რეფორმებს, რომლის მოთხოვნილება არ იკითხება საკვლევ სეგმენტში. რეფორმები საფრთხედ და სტატუს კვოს დაკარგვად აღიქმება და შესაბამისად, მზაობაა, რომ იმ “მიღწევებით დავკმაყოფილდეთ“, რაც გვაქვს. ამავდროულად, ევროპული სტანდარტი იმდენად ბრჭყვიალა და მიუღწეველია, რომ მისი დაწინაურება არ აღიქმება დამაჯერებლად. ამას ემატება სისტემური ცვლილებების მიმართ უნდობლობა და რეალური ევროპული ცხოვრება კიდევ უფრო მიუწვდომელი და ბუნდოვანი ხდება.
2024 წელს გაცილებით მეტი ადამიანი დაფიქრდა ცვლილებაზე და ალტერნატივაზე, ვიდრე წინა არჩევნებში. ადამიანებმა ნაკლები თავდაჯერებით მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, ხოლო ფაქტორები, რამაც გადაწონა, იყო ა) ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შიში; ბ) შიდა უსაფრთხოება ცვლილების შემთხვევაში გ) კოალიცია ნიშნავს ქაოსს.
სისტემური ცვლილების ჩვენება მნიშვნელოვანია - წამყვან მესიჯად მკაცრად იერარქიული სისტემის დეიერარქიზაცია უნდა გახდეს, როდესაც პარტიული პოლიტიკა ერთ ლიდერზე არ არის დამოკიდებული, არამედ წარიმართება შიდა დემოკრატიით, გამჭვირვალედ, არ არის დაფარული ინტერესები, ახალი სახეები არ არის მხოლოდ დეკორაცია და ა.შ.
ნაციონალური მოძრაობისგან დიფერენცირება მეორე მნიშვნელოვანი საკითხია და თუკი პარტიები ამ გზით წავლენ, მათ ცნობადობაზეც აისახება დადებითად. პარტიებს შორის შეჯიბრებითობაც კარგი საშუალება იქნება ამ მიზნის მისაღწევად.
გაერთიანების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ა) მიხეილ სააკაშვილის მმართველობაში მობრუნების საკითხი და ბ) ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის დარჩენა/დაბრუნების საკითხი.
შიდა უსაფრთხოება ცვლილების შემთხვევაში - ცვლილების ერთ-ერთი ბარიერია გაურკვევლობა, თუ როგორ მოეპყრობა ახალი მთავრობა ქართული ოცნების მომხრეებს ან ნეიტრალურ ადამიანებს, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს. შურისძიების ან უსამართლობის წრეზე სიარულის პერსპექტივა აჯაჭვავს მათ სტატუს კვოსთან. თუ რა მიდგომა ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს, მნიშვნელვანი იქნება მათთვის - ყველაზე საინტერესოა, რიგით ლოიალისტებსაც ხომ არ შეეხება სადამსჯელო მექანიზმები.
კოალიციის არავის სჯერა. როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ არის აღქმა, თუ როგორ შეიძლება ურთიერთმოქმედება სხვადასხვა პარტიის ერთად ყოფნით. კოალიციის მოქმედების მექანიზმი მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი.
ბოლოს გკითხავთ კვლევის მეთოდოლოგიაზე და იმაზე, როგორ შეარჩიეთ რესპონდენტები?
ჩვენ ვიყენებთ ქცევის მეცნიერებაზე დაფუძნებულ თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიას, რომელიც ქცევითი ანალიზის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ტრადიციული პოლიტიკური ანალიზის მიდგომა ხშირად მიიჩნევს, რომ მხარდამჭერები გადაწყვეტილებებს რაციონალური განხილვის შედეგად იღებენ, სხვადასხვა პოლიტიკური ალტერნატივის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებით. თუმცა, ქცევითი მეცნიერება, მტკიცებულებებზე დაფუძნებით, მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უმეტესწილად ირაციონალურია და ფორმირდება კოგნიტური მიკერძოებებით, ემოციებით, სოციალური ნორმებითა და სისტემური ბარიერებით. ქცევის მეცნიერების მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩვენ შევეცადეთ, დაგვედგინა, არსებობდა თუ არა “განზრახვისა და ქმედების აცდენა“ - სიტუაცია, როდესაც მხარდამჭერები აღიარებენ მთავრობის პრობლემებს და გამოხატავენ ცვლილების სურვილს, მაგრამ საბოლოოდ, ამ სურვილს ქმედებად ვერ აქცევენ.
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, რომელიც ე.წ. მომხმარებლის გამოკითხვის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, აკვირდება მოხმარების მოდელებს/პატერნებს რეალური მომხმარებლის მაგალითზე და ადგენს ხარვეზებს ან დადებით მხარეებს. მსგავსი ჩაღრმავებული ინტერვიუს ძირითადი მიზანია როგორც გაცნობიერებული, ისე ქვეცნობიერი ფაქტორები გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავს მხარდამჭერთა ლოიალურობას. თვითშეფასებული მომავალი განზრახვების გამოვლენის ნაცვლად, რომლებიც ხშირად არასანდოა, კვლევა ფოკუსირებული იყო წარსულ ქცევებსა და გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის ამოცნობაზე, რათა გამოემჟღავნებინა ღრმად ფესვგამდგარი მოტივატორები და ბარიერები. ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევითი რუკის შექმნა, რომელიც ასახავს მხარდამჭერთა ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ ფაქტორებს, რაც ასაზრდოებს მათ წინააღმდეგობას პოლიტიკური ცვლილებების მიმართ.
ტრადიციული კვლევის მეთოდოლოგიისგან განსხვავებით, რესპონდენტთა სეგმენტაცია განხორციელდა ქცევითი მოდელებისა და ფსიქოლოგიური პროფილების საფუძველზე და არა მხოლოდ დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.