Washington Post-ის ინფორმაციით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა გადაწყვეტილება შეეჩერებინა პროგრამა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების გატაცების დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენდა.
აღნიშნული პროგრამა სატელიტური სურათების, ბიომეტრიული მონაცემებისა და სხვა ციფრული საშუალების გამოყენებით უკრაინელი ბავშვების მასობრივ დეპორტაციას იკვლევდა, რაც მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოძიებაში დაეხმარა.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პროგრამას საშუალებას აძლევს კიდევ 6 კვირის განმავლობაში მიიღოს დაფინანსება, რათა მონაცემებისა და ინფორმაციის EUROPOL-თვის გადაცემის პროცესი დაასრულოს.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მტკიცებულებების იმ პროკურორებისთვის გადაცემა აკრძალა, რომლებიც ბავშვების გატაცების საქმეებს ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფინანსდებოდა და რომელსაც იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორია ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური დახმარების ოფისის დირექტორის, პიტერ მაროკოს გადაწყვეტილებით შეჩერდა.
Washington Post-ის მტკიცებით, დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ერთად ქრისტიან-ევანგელისტურმა ჯგუფებმა ტრამპის ადმინისტრაცია დაარწმუნეს, პროგრამა დროებით არ გააუქმოს. გამოცემა წერს, რომ პროგრამის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ინიციატივას ევროპული მთავრობები დააფინანსებენ.
"ეს კონტრაქტი არასდროს უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა მადლიერი ვარ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აზრი შეიცვალა". - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, გრეგ ლენდსმენმა.
მისი თქმით, ძლიერმა ორპარტიულმა ზეწოლამ გადაწყვეტილების შეცვლა გამოიწვია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.
"სახელმწიფო მხოლოდ პროგრამის დახურვისა და მონაცემების ევროპელი პარტნიორებისთვის გადაცემას აფინანსებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები ამ საკითხში და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ აღიდგინოს ლიდერის როლი ამ ბავშვების პოვნის პროცესში." - განაცხადა ლენდსმენმა.
პროგრამის შენარჩუნების მოთხოვნით გააზავნილ კიდევ ერთ წერილს რესპუბლიკელი კონგრესმენები, ჩაკ გრესლი და ტომ ტილისი აწერენ ხელს.
მანამდე, 19 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემები წაშალეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ისაუბრა.
"მონაცემები კვლავ არსებობს. ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ არ ყოფილა. ეს იმ ადამიანების ხელში იყო, რომლებიც ამ პლატფორმას მართავენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ აკონტროლებს მონაცემებსა და ვებსაიტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მონაცემები არსებობს, არ წაშლილა და არ დაკარგულა.
Reuters-ის ცნობით, ზემოხსენებული პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ 25 იანვარს შეაჩერა. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უცხოური დახმარების გრანტი, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ობსერვატორიას მხარს უჭერდა.





