ხანძარი თურქეთში

თურქეთის სათხილამურო კურორტზე სასტუმრო დაიწვა, არიან დაღუპულები

თურქეთში, ულუდაღის სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

სასტუმრო დაკეტილი იყო, ვინაიდან 1 იანვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროს ლიცენზია არ განუახლა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

ცეცხლის გაჩენის მომენტში სასტუმროს ტერიტორიაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ოჯახი: მამა, დედა და ვაჟიშვილი. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მამა და შვილი გარდაიცვალნენ.

ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 25 სახანძრო მანქანა და 60 მეხანძრე. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის წარმომადგენლები და გამომძიებლები, ისინი ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენას ცდილობენ.


მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძარი მეორედ გაჩნდა.

21 იანვარს, თურქეთში, ქალაქ ბოლუში მდებარე სასტუმრო Grand Kartal-ში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსვერპლა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კარტალკაიას კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძრის გაჩენის დროს 234 დამსვენებელი იმყოფებოდა. დაღუპულია 78 ადამიანი.

სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მფლობელი, ჰალიტ ერგიული.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 12-სართულიანი შენობის მეოთხე სართულზე, სასტუმროს რესტორანში გაჩნდა.

კომენტარები