რეჟიმის პატიმრები

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა

ანრი კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციების დროს დაკავებული, ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. დაცვის მხარემ კვარაცხელიას, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ კვარაცხელიას გათავისუფლების არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დღევანდელ სხდომაზე 2 მოწმე გამოიკითხა, ექსპერტი და კვარაცხელიას საქმის გამომძიებელი. გამომძიებლის განცხადებით, კვარაცხელია ფოტოთი ამოიცნო.

"პოლიციელი, რომელიც დაკითხა ბრალდების მხარემ, რეალურად დაცვის მხარის სასარგებლო ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ანრი კვარაცხელიას საქმეში არის ორი ვიდეო. ერთ ვიდეოში ნამდვილად უჩანს სახე და მეორე ვიდეო, რომელიც არ ვიცით როდისაა გადაღებული, საერთოდ არ ჩანს ადამიანი, რომელიც ისვრის დაახლოებით მსგავს საგანს როგორიც მოლოტოვის კოქტეილია.

პოლიციელი, ვინც იყო დღეს მოსული და თქვა, რომ მე გადმომეგზავნა ვიდეო, ფოტო მასალა და ვიცანი ანზორ კვარაცხელია. გადაუგზავნეს ის ვიდეო, სადაც ჩანს ნამდვილად რომ ეს არის ანზორ კვარაცხელია, უჩანს იერსახე, და ის ვიდეო, რომელზეც ექსპერტს აქვს დაწერილი, რომ ვითომ ანზორ კვარაცხელიაა, რატომღაც არ გადაუგზავნეს" . - განაცხადა კვარაცხელიას ადვოკატმა.

პროკურორის განცხადებით, იმისთვის რომ ქმედება ჩაითვალოს პოლიციელზე თავდასხმას, არ არის აუცილებელი, პოლიციელს მიადგეს რაიმე ზიანი.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კვარაცხელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები