აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა

Politico: ამერიკელი სამხედროები აშშ-მექსიკის საზღვრის გაკონტროლებას დაიწყებენ

აშშ-მექსიკის საზღვარი

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ასობით სამხედრო ქვეყნის სამხრეთ საზღვრის მეთვალყურეობას დაიწყებს.

საკითხზე ინფორმირებული სამი თავდაცვის მაღალჩინოსნის მიხედვით, აქამდე უცნობი გეგმა მომდევნო დღეების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს საზღვრის სიახლოვეს შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების განლაგებასა და ღამის ხედვის სადაზვერვო უნარების გამოყენებას ავალებს, რათა მიმდებარე ტერიტორიები გაკონტროლდეს. ამასთანავე, სამხედროები საზღვარზე ფეხით პატრულირებასაც შეძლებენ.

Politico წერს, რომ საზღვარზე Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების პირველად განლაგებით ახალი ფაზა დაიწყება ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევაში, რომ მიგრანტების დასაკავებლად ქვეყნის არმია გამოიყენონ.

ამ დროისთვის ტეხასისა და არიზონის შტატებში უკვე 9 000-მდე მოქმედი სამხედროა გაგზავნილი, რომლებიც საზღვარზე ძირითადად ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდნენ. ხოლო ახალი გეგმის ფარგლებში სამხედროები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საზღვრის გაკონტროლებაში.

ამას გარდა, მე-2 ბრიგადის მე-4 ქვეითი დივიზიის სამხედროები სასაზღვრო პოლიციას ტრანსპორტირებაშიც დაეხმარებიან, თუმცა მოქმედ სამხედროებს კანონით ეკრძალებათ მოქალაქეების დაკავება ან სასჯელაღსრულებითი მოვალეობების შესრულება.

ამის მიუხედავად, საზღვარზე განლაგებულ სამხედროებს თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვის უფლება აქვთ და როგორც არმიის მაიორმა ჯარედ სტეფანიმ ტეხასში ადგილობრივ რეპორტიორებს წინა კვირაში განუცხადა, საზღვარზე ყველა სამხედრო შეიარაღებული იქნება და "თავის დაცვის უფლება ექნება".

კომენტარები