რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: შევქმნით ობიექტთა სიას, თუ რუსები მათ არ დაარტყამენ, ჩვენც არ დავარტყამთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Pravda.ua

უკრაინა შეადგენს და პარტნიორებს გადასცემს ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტების იმ სიას, რომელთა დაზიანებაც რუსეთმა უნდა შეწყვიტოს და თუკი რუსეთი შეწყვეტს ამ ობიექტებზე თავდასხმას, უკრაინაც აღარ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 19 მარტს ისაუბრა.

"პუტინის მხოლოდ სიტყვები და დაპირებები, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს შეწყვეტს საკმარისი არ არის. რატომ? რადგან ამ ომმა ჩვენ ძალიან პრაქტიკულ ადამიანებად ჩამოგვაყალიბა. მაგალითი: გუშინდელი რუსეთის თავდასხმა მას შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აღარ მოხდებოდა. მან თქვა, რომ ბრძანება გასცა. და ამის მერე 145 დრონი, 4 C-300 ტიპის რაკეტა, 2 ბალისტიკური Искандер ტიპის რაკეტა. დარტყმები მიიტანეს რკინიგზაზე, აგრარული პროდუქციის საწარმოებზე, ასევე დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი. სიტყვები საკმარისი არ არის" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, ამ საკითხზე კონტროლი არსებობდეს და რომ ამ კონტროლის მთავარი სუბიექტი აშშ უნდა იყოს.

"და თუ ჩვენ მივაღწევთ ასეთ შეთანხმებას, იქნება ობიექტების სია – ის ჩვენ გვაქვს - სამოქალაქო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების სია (ამ სიას ასევე აუცილებლად შევადგენთ და ჩვენს პარტნიორებს გადავცემთ), და თუ რუსები არ დაარტყამენ ჩვენს ობიექტებს, მაშინ ჩვენც არ დავარტყამთ მათ ობიექტებს" - თქვა ზელენსკიმ. 

18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო". 

კომენტარები