აქციებზე დაკავებულები

პროცესი აცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს, დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე - ადვოკატი

აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები არ არის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე.

"განცდა დაგვრჩა, რომ მოსამართლე თავიდანვე შემოსული იყო იმ განწყობით, რომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ეს არ ეხება მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილს, ეს ეხება თუნდაც ხალხის დაშვების ნაწილს, მონიტორის სამსახურის, თუნდაც სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაშვების საკითხზე. [...] ცალკე საკითხია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების სტანდარტი დარღვეული იყო, მაგრამ მოსამართლემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება მისაღებად ცნო. ხოლო ჩვენ ამოგვირიცხა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის ევროსაბჭოს და ევროსასამართლოს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი, რომ ეს პატიმრები არიან პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებულები.

[...] ეს პროცესები არ არის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, მთლიანად აცდენილია ჩარჩოებს და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე. [...]" - თქვა მიგინეიშვილმა. 

აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს, 14:00 საათზე ჩატარდება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ არსებობს საქმის შეწყვეტის რაიმე საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინასასამართლო სხდომა გაიმართა - საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განიხილა. 

პროცესი კვლავ ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდა. მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ განიხილა. ასევე არ განიხილა სხდომაზე უფლებადამცველებისა და დამკვირვებლების დასწრების შუამდგომლობაც. 

კომენტარები