აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს, 14:00 საათზე ჩატარდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ არსებობს საქმის შეწყვეტის რაიმე საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინასასამართლო სხდომა გაიმართა - საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განიხილა.
პროცესი კვლავ ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდა. მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ განიხილა. ასევე არ განიხილა სხდომაზე უფლებადამცველებისა და დამკვირვებლების დასწრების შუამდგომლობაც.
5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. მას შემდეგ მეორე პროცესია სხდომები ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. პროცესს დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ ესწრებიან.
დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს მიმართვა გადასცა, სადაც პროცესზე ხალხის დაშვების შემთხვევაში, პირობას იძლეოდნენ წესრიგის დაცვაზე. მიმერთვას სასამართლოში მყოფი 130 ადამიანი აწერდა ხელს. მიგინეიშვილმა მიმართვა შუამდგომლობას დაურთო, მაგრამ მოსამართლე შვანგირაძემ შუამდგომლობა არ განიხილა.
ასევე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობით სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა მიმართა, შუამდგომლობა სხვა ბრალდებულების ადვოკატებიც გაიზიარეს. ადვოკატების განცხადებით, აცილების მიზეზი მოსამართლის სუბიექტური გადაწყვეტილებებია. შვანგირაძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ დღევანდელი სხდომიდან გააძევა ერთ-ერთი ბრალდებული, რევაზ კიკნაძე. სხდომა საკუთარი სურვილით დატოვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა.
კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს სთხოვა, დედამისისთვის, რომელიც დღეს ემიგრაციაში ბრუნდება, სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა - შვანგირაძემ არც ბრალდებულის თხოვნა და არც ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"თხოვნით მოგმართავთ, ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე". - მიმართა სხდომაზე ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
"თქვენთან დაკავშირებით გამონაკლისს ვერ დავუშვებთ, წესი ყველას ეხება, თუმცა აბსოლუტურად მესმის თქვენი პოზიცია, ადამიანურად". - უთხრა ბრალდებულს მოსამართლემ.
პროკურატურამ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდეს, ხოლო დაცვის მხარე აყენებენ შუამდგომლობას, რომ შეწყდეს საქმე და არ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე, რადგან საქმის მიმდინარეობისას, ადვოკატების თქმით, არაფერი შეცვლილა და მტკიცებულებები ბრალდებულთა წინააღმდეგ არ არსებობს.





