წითელი არმიის ფრაქცია

გერმანიაში, 30 წლის შემდეგ დაკავებული, RAF-ის ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი დაიწყო

გერმანიაში მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების წითელი არმიის ფრაქციის (RAF) ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი წევრის, დანიელა კლეტეს სასამართლო პროცესი დაიწყო.

კლეტე, რომელიც გერმანელ სამართალდამცველებს სამი დეკადის განმავლობაში ემალებოდა, 2024 წლის თებერვალში ბერლინში დააკავეს. 66 წლის ქალი სასამართლოს წინაშე მკვლელობის მცდელობის, ძარცვისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით წარდგება და შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

აღსანიშნავია, რომ ძარცვების სერიის ბრალდება პროკურორებმა კლეტეს ნოემბერში წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, კლეტემ ძარცვები დაჯგუფების ორ წევრთან ერთად, 1998 წელს წითელი არმიის ფრაქციის დაშლის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, 1999-2016 წლებში წითელი არმიის ფრაქციის ე.წ. მესამე თაობის წევრებმა, დანიელა კლეტემ, ერნსტ-ფოლკერ შტაუბმა და ბურკჰარდ გარვეგმა სუპერმარკეტებისა და გზებზე ავტომობილების  ძარცვის შედეგად 2.7 მილიონი ევრო მოიპოვეს.

სამართალდამცველები ზემოხსენებულ ორ კაცს ამ დრომდე ეძებენ.

ულტრამემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია წითელი არმიის ფრაქცია გერმანიაში 1970-დან 1998-წლამდე მოქმედებდა და კომუნისტურ და ანტი-იმპერიალისტურ პარტიზანულ დაჯგუფებად პოზიციონირებდა. ორგანიზაციის ტერორისტულ ქმედებებს ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები