წითელი არმიის ფრაქცია

გერმანიაში 30-წლიანი ძებნის შემდეგ, წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი დააკავეს

გერმანიაში დაშლილი მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

65 წლის დანიელა კლეტეს დაკავება გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფერდენის პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა, დამატებითი დეტალების გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

გამოცემა Bild კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დანიელა კლეტე ორშაბათს საღამოს, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში დააკავეს.

კლეტე წითელი არმიის ფრაქციის იმ სამი ყოფილი წევრიდან ერთ-ერთია, რომელებსაც გერმანელი სამართალდამცველები ათწლეულებია ეძებენ. დანიელა კლეტე, ერნსტ-ფოლკერ შტაუბი და ბურკჰარდ გარვეგი დაჯგუფების დაშლის შემდეგ, 1999-2016 წლებში ჩრდილოეთ გერმანიაში მომხდარ 12 ძარცვასთან არიან კავშირში. მათ ასევე ბრალი ედებათ მკვლელობის მცდელობაშიც.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ძარცვების მიზანი მხოლოდ ფინანსური სარგებლის მოპოვება იყო და არა რაიმე სახის პოლიტიკური ნაბიჯი.

ულტრამემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია წითელი არმიის ფრაქცია გერმანიაში 1970-დან 1998-წლამდე მოქმედებდა და კომუნისტურ და ანტი-იმპერიალისტურ პარტიზანულ დაჯგუფებად პოზიციონირებდა. ორგანიზაციის ტერორისტულ ქმედებებს ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები