გიორგი ჩიკვაიძე

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე საბადრაგო სამსახური ჩიკვაიძის ეტაპირებას ვერ ახერხებს

გიორგი ჩიკვაიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის პროცესი უნდა გაიმართოს. ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა ჩიკვაიძეს ეტაპირებაზე უარი უთხრა.

დღევანდელ სხდომაზე ჩვენება თავად ჩიკვაიძეს უნდა მიეცა, ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია, ჩაერთვება თუ არა ბიზნესმენი დისტანციურად დღევანდელ სხდომას.

"ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ დღეს ვერ ხერხდება გიორგის ეტაპირება საბადრაგო სამსახურის მხრიდან. გიორგის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა მის სასამართლო პროცესს, თუნდაც ის გამოცხადებულიყო საკაცით, ეტლით, მისთვის უმთავრესია, მიიღოს მონაწილეობა ამ სხდომაზე და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს, სასამართლოში უნდა დაიკითხოს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიორგი გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე და მისი ეტაპირება განხორციელდეს". - განაცხადა ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ. 

დღევანდელ სხდომაზე ასევე უნდა გამოიკითხოს ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი.

ჩიკვაიძე დაკავების დღიდან საპატიმროში შიმშილობს. 20 მარტს ის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

19 მარტს ჩიკვაიძესთან სახალხო დამცველის რწმუნებულებიც იმყოფებოდნენ, მათი შეფასებით, ჩიკვაიძის "ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა".

11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჩიკვაიძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მისი ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა დღეს, 19 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შიმშილობის მე-8 დღეს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმე იყო. მას გადაადგილება უჭირს.

კომენტარები