საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ ბიზნესმენები დასაჯეს, რადგან ისინი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს არ დაემორჩილნენ.
"უსამართლობა!!!
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს.
9 წელი რომ არ გასტანს ეს რეჟიმი და არც 9 თვე, ეს უკვე ნათელია, თუნდაც დღევანდელი ყრილობის შემხედვარე თვალისთვის.
მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პატიმრობა, ერთი დღეც აუტანელია უდანაშაულო ადამიანისთვის.
მათ და მათ ოჯახებს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და ვუსურვებ მხნეობას ამ განსაცდელის ჟამს.
უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამავდროულად ეს ყველაზე ღირსეული ბრძოლაა!
ხვალ კიდევ სხვა პროცესია, სხვა სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ყველას ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა.
თავისუფლება ყველა სინდისის პატიმრებს!!!" - წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, 11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო.
გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს.
ბოლო პერიოდში, ჩიკვაიძე ქართული ოცნებასა და მის წარმომადგენლებს ხშირად აკრიტიკებდა. ერთ დროს მმართველი გუნდის მხარდამჭერი ჩიკვაიძე ამბობს, რომ თითოეული დღის რცხვენია, როცა ის ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა. ის ღიად ეწინააღმდეგებოდა რუსული კანონის მიღებასაც.
ჩიკვაიძის თქმით, რუსეთის დაზვერვის მოქმედი თანამშრომლები საქართველოში არიან და პოლიტიკურ პროცესებს მართავენ.