გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესპარტნიორის თქმით, ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, ჩიკვაიძე დღეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

დაკავებული ბიზნესმენი მე-9 დღეა საპატიმროში შიმშილობს. პაპიაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!

გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!

ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!" - წერს პაპიაშვილი. 

დღეს, 20 მარტს, ჩიკვაიძე საპატიმროში მოინახულა ეკა ბესელიამაც.

"ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, მას არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა. ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა და ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, სადამდეც ფიზიკურად შეძლებს". - თქვა ბესელიამ ჩიკვაიძის მონახულების შემდეგ.

გუშინ, 19 მარტს ჩიკვაიძესთან სახალხო დამცველის რწმუნებულებიც იმყოფებოდნენ, მათი შეფასებით, ჩიკვაიძის "ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა".

11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჩიკვაიძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მისი ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა დღეს, 19 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შიმშილობის მე-8 დღეს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმე იყო. მას გადაადგილება უჭირს.

კომენტარები