თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თავად ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მისი საქმე "შეკერილია".
როგორც პროკურორმა განაცხადა, გიორგი ჩიკვაიძემ არაერთხელ დაარღვია შეფარდებული გირაოს პირობები, კერძოდ, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდდა სასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, გამოიკვეთა ახალი გარემოებაც - ჩიკვაიძე შენიშნეს სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე იახტების გაყიდვისა და გაქირავების კომპანია Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელია. ის 2022 წლამდე ქართული ოცნების მხარდამჭერი და თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო. ჩიკვაიძესა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა სწორედ 2022 წელს დაიძაბა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ მასზე ტერორი დაიწყო, არის ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა. ასევე, ჩიკვაიძის თქმით, მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ "სკანდალური ცნობები“ აქვს და ამის გასაჯაროებას გეგმავდა.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკასთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარება დაუკვეთა და შესაბამისი საბუთების გაყალბება მოსთხოვა, რაზეც, მისივე თქმით, უარი განაცხადა.
პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია Elt Building-ის საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2024 წლის 1 მარტს კი საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"დადგენილია, რომ 2022 წელს გიორგი ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს ელთ ბილდინგის მშენებარე კომპლექს მარინა ქლაბში თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს ელთ ბილდინგის კომერციულ დირექტორთან, ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან, ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა ელთ ბილდინგთან გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500-500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა.
შპს ელთ ბილდინგის ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს ელთ ბილდინგისთვის. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ბათუმში და გაფორმდებოდა ელთ ბილდინგის სახელზე, რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს ელთ ბილდინგს იჯარის საფასურს გადაუხდიდა.
2022 წლის 10 სექტემბერს შპს ელთ ბილდინგსა და რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება". წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, მოგვიანებით, მხარეები იახტის სხვა მოდელზე შეთანხმდნენ და მიწოდების ვადა 2023 წლის 20 სექტემბრამდე გადაწიეს.
"ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.
2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს ელთ ბილდინგმა შპს რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს ელთ ბილდინგს იახტა არ მიაწოდეს.
იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ ელთ ბილდინგს და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა ელთ ბილდინგის ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ აუდიოჩანაწერი, ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა, რომელშიც ისმის, რომ 2023 წლის 6 ივნისს გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს ჰპირდება, რომ იახტა საქართველოში, დაახლოებით, 10 დღის ვადაში ჩამოვიდოდა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძის მიერ ელგუჯა თურმანიძის თანამშრომლისთვის გაგზავნილი ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჩიკვაიძე, პროკურატურის ცნობით, მას თითქოსდა უკვე შეძენილ იახტას აჩვენებს და ათვალიერებინებს.

თავად ჩიკვაიძე კი ამბობს, რომ Elt Building-ის დამფუძნებელმა, ელგუჯა თურმანიძემ მას ფულის გათეთრება და ნარკოტიკები შესთავაზა. ჩიკვაიძის თქმით, თურმანიძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის პარტნიორი ბიზნესმენია. როგორც ის ამბობს, მან თურმანიძის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა, მისივე განცხადებით, თურმანიძეს თანხის დაბრუნების გრაფიკი შესთავაზა და პირველი ნაწილი მეორე დღესვე ჩაურიცხა.
გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს. ბოლო რამდენიმე დღე ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებდა, სადაც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია ასახული.
ბოლო პერიოდში, ჩიკვაიძე ქართული ოცნებასა და მის წარმომადგენლებს ხშირად აკრიტიკებს. ერთ დროს, მმართველი გუნდის მხარდამჭერი ჩიკვაიძე ამბობს, რომ თითოეული დღის რცხვენია, როცა ის ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა. ის ღიად ეწინააღმდგებოდა რუსული კანონის მიღებასაც.
ჩიკვაიძის თქმით, რუსეთის დაზვერვის მოქმედი თანამშრომლები საქართველოში არიან და პოლიტიკურ პროცესებს მართავენ.