ეკრემ იმამოღლუს დაკავება

მასკის X უარს ამბობს 700-მდე თურქი ოპოზიციონერის, ჟურნალისტის ანგარიშების დაბლოკვაზე

ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის, ილონ მასკის სოციალური მედიის კომპანია X უარს ამბობს დააკმაყოფილოს თურქეთის რამდენიმე სასამართლო განკარგულება 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც თურქულ ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებსა და სტუდენტებს ეკუთვნით.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით მრავალ სასამართლო განკარგულებას თურქეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსგან თურქეთის შიგნით 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებს, სტუდენტებსა და სხვებს ეკუთვნით". - წერს X-ის გლობალური მთავრობების საქმეთა ანგარიში.

განცხადებაში წერია, რომ X-ზე პირველხარისხოვანია, მომხმარებლებს ისეთი პლატფორმა მიაწოდონ, რომელიც ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლების დაცვის მიმართ არის ერთგული.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მხრიდან, არა მხოლოდ არაკანონიერია, არამედ ხელს უშლის მილიონობით თურქ მომხმარებელს, მიიღონ ახალი ამბები და ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში. ჩვენ ვაპირებთ ამ პრინციპების დაცვას სამართლებრივი სისტემის მეშვეობით". - წერს X.

ხოლო განცხადების ბოლოს წერია, რომ "X ყოველთვის დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ".

თუმცა, 22 მარტს გამოცემა Politico წერდა, რომ X-მა თურქეთში რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსის ანგარიში შეზღუდა.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე ანგარიში მხოლოდ თურქეთში იყო შეზღუდული, ხოლო აქტივისტ ომერ ფარუქს მეორე ანგარიშის შექმნა მოუწია, რადგან, მისი თქმით, სასამართლო განკარგულების შედეგად მისი ანგარიში დაიბლოკა, რადგან "პოსტები ნახვებით 6 მილიონს აღემატებოდა".

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ X-ზე დაწერა, რომ ხელისუფლებამ 326 სოციალური მედიის ანგარიში იპოვა, რომლებიც "სიძულვილს აღვივებდნენ", რომელთაგანაც 72 საზღვარგარეთ მდებარეობდა. იერლიკაიას თქმით, კიბერ და უსაფრთხოების სააგენტოების თანამშრომლობის შედეგად 54 ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც სოციალური მედიის ანგარიშებთან იყვნენ კავშირში.

ამავდროულად, Politico წერს, რომ ანგარიშების შეზღუდვა, სავარაუდოდ, ლეგალურია, რადგან თურქული კანონმდებლობის მიხედვით ეს დაშვებულია, თუკი მთავრობა ამას მოითხოვს. 2022 წლის სოციალური მედიის კანონი მთავრობას ფართო და ბუნდოვან უფლებამოსილებას ანიჭებს, რათა სოციალურ მედიებზე კონტენტი შეზღუდოს.

ცნობისთვის, 2024 წლის მეორე ნახევარში X-მა პლატფორმიდან კონტენტის აღებასთან დაკავშირებით მთავრობის მოთხოვნების დაახლოებით 86% დააკმაყოფილა, ხოლო პირველ ნახევარში - მოთხოვნების 68%. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ევროკავშირში, სადაც 2024 წლის მეორე ნახევარში ამავე ნიშნულმა 90%-მდე მიაღწია, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობა დაახლოებით 6-ჯერ მეტი კონტენტის აღებას ითხოვს პლატფორმიდან.

კომენტარები