ეკრემ იმამოღლუს დაკავება

თურქეთში სტამბოლის დაკავებული მერის ადვოკატიც დააკავეს

ეკრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი
IBB

28 მარტს თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზმერმა X-ზე დაწერა, რომ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფელივანი "გამოგონილი მიზეზებით" დააკავეს, თუმცა მას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

"თითქოს დემოკრატიის წინააღმდეგ გადატრიალება არ კმაროდეს, ვერ იტანენ, როცა ამ გადატრიალების მსხვერპლნი თავს იცავენ". - დაწერა იმამოღლუმ X-ზე.

ცნობისთვის, 23 მარტს თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობს.

18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

იმამოღლუსთვის პატიმრობის შეფარდებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. 

დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. იერლიკაიას მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. 

კომენტარები