ეკრემ იმამოღლუს დაკავება

სტამბოლში რეიდების დროს პოლიციამ ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს დილით ჩატარებული რეიდების დროს პოლიციამ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, ჟურნალისტები მუქარისა და შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

დაკავებული ჟურნალისტები, ტიმურ სოიკანი და მურატ აგირელი ერდოღანის მთავრობის მიმართ კრიტიკულ არხზე Halk TV-ზე მუშაობენ და ცნობილები არიან, საგამოძიებო ჟურნალისტიკითა და მთავრობის პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული პოზიციით.

გამოცემის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ციფრული მოწყობილობების, მათ შორის, კომპიუტერების, მყარი დისკებისა და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ორდერების გაცემის შესახებ.

სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება სტამბოლის მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც "მუქარასთან" და "შანტაჟთან" დაკავშირებულ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს ეყრდნობოდა.


23 მარტს თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობს.

18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

იმამოღლუსთვის პატიმრობის შეფარდებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. 

დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. იერლიკაიას მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. 

კომენტარები