24 მარტს, ღაზის სექტორში, ხან იუნისში საავადმყოფოზე მიტანილმა ისრაელის საჰაერო იერიშმა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს მაღალი რანგის წევრი მოკლა.
ისრაელის განცხადებით, სამიზნედ ისმაილ ბარჰუმი ამოიღეს. ისრაელმა ის "ჰამასის ერთ-ერთ მთავარ ტერორისტად" მოიხსენია, ხოლო პალესტინურმა დაჯგუფებამ დაადასტურა მისი გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში წინა იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობას გადიოდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ისმაილ ბარჰუმი ჰამასის "პრემიერმინისტრის" როლს ასრულებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანების რისკის შესამცირებლად, თავდასხმა "ხანგრძლივი სადაზვერვო პროცესის" შემდეგ განხორციელდა და "მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა" იყო გამოყენებული.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.
ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.
ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ.
თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.
ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.





