მექსიკა

"სიკვდილის ბანაკი" – მექსიკის ერთ-ერთ რანჩოში ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

რანჩოში აღმოჩენილი ფეხსაცმლის წყვილები
© Jalisco Attorney General Office/Reuters

ადამიანის სხეულის ნაწილების, ასობით ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და საიდუმლო კრემატორიუმის აღმოჩენა, რომელსაც აქტივისტები ნარკოკარტელის "სიკვდილის ბანაკს" უწოდებდნენ, მექსიკის მთავრობისთვის მთავარ სკანდალად იქცა. 

მექსიკის ხალისკოს შტატის ერთ-ერთ რანჩოში აქტივისტებმა ასეულობით წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი იპოვეს. იქვე მიწისქვეშა კრემატორიუმიც იყო, სადაც, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულებს წვავდნენ. 

როგორც გამოცემა Financial Times წერს, აღმოჩენილი საზარელი სანახაობა ხაზს უსვამს ქვეყნის ქრონიკულ პრობლემას - ადამიანების გაუჩინარებას, რაც ნარკოკარტელებთანაა დაკავშირებული. ამჟამად მექსიკის მასშტაბით გაუჩინარებულის სტატუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. 

რანჩოში აღმოჩენილმა ხელნაკეთმა დაბრკოლებებმა გააძლიერა ეჭვები, რომ რანჩო რეკრუტირებისა და ტრენინგისთვის განკუთვნილი ბანაკი იყო და მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფ ხალისკოს ახალი თაობის კარტელს ეკუთვნოდა. აღნიშნულ კარტელს მრავალი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც სამუშაოს ეძებდა, მოტყუებით გაუტაცებია. 

"გბურძგლავს, როდესაც ხედავ ყველაფერს, რაც იატაკზე ყრია, ხედავ ჩემოდნებს, ამ ახალგაზრდა ადამიანების ოცნებებს. ხედავ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი აქ, რადგან მათ ეგონათ, რომ უკეთესი ცხოვრება და უკეთესი შემოსავალი ექნებოდათ". - უთხრა ადგილობრივ რადიოს ინდირა ნავარომ, ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელმაც რანჩო აღმოაჩინა. 

მექსიკის ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა ალეხანდრო გერც მანერომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ადგილზე ადამიანის სხეულის ნაწილები ნამდვილად იპოვეს, თუმცა უარი თქვა დაკონკრეტებაზე, რანჩო "სასწავლო" თუ "სიკვდილის" ბანაკი იყო. 

მექსიკის ხელისუფლებაში შემზარავი აღმოჩენის გამო უთანხმოება ჩამოვარდა. მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ ადგილობრივ მთავრობას გამოძიების არასწორ წარმართვაში ადანაშაულებს. 

რანჩო შტატის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 2024 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს. სპეციალური ოპერაციის შედეგად მათ 10 შეიარაღებული ადამიანი დააკავეს და 2 გატაცებული პირი გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ადგილზე ადამიანის ცხედარიც იპოვეს. 

თუმცა, კრემატორიუმის ღუმელები და ათასობით წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მხოლოდ გასულ კვირას აღმოაჩინეს Warrior Searchers of Jalisco-ს აქტივისტებმა. აქტივისტთა ჯგუფი გაუჩინარებული ადამიანები ნათესავების კოლექტივია. ისინი რანჩოში ანონიმური შეტყობინების მიღების შემდეგ წავიდნენ. აქტივისტებს სულ რამდენიმე საათი და მარტივი ხელსაწყოები დასჭირდათ, რათა მიწისქვეშ ადამიანის სხეულების ნაწილები ეპოვათ. 

შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ რანჩოს სრულად გამოკვლევა თავდაპირველად ვერ შეძლეს, თუმცა პირობა დადო, რომ ფედერალურ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, რომელიც უკვე თავად უძღვება გამოძიებას. 

ფედერალურმა გენპროკურორმა განაცხადა, რომ ისინი იძიებენ, იყო თუ არა თავდაპირველი გამოძიების წარუმატებლობა გამოწვეული არაკომპეტენტურობით ან ორგანიზებულ დანაშაულთან ფარული შეთანხმებით.

სკანდალთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში მექსიკის პრეზიდენტმა შეინბაუმა გამოაცხადა ზომები, რათა გაუჩინარებული ადამიანების შესახებ არსებული კანონები გაძლიერდეს და მეტი რესურსი დაეთმოს ძიებებს. თუმცა შეინბაუმმა ასევე განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფები შემზარავ აღმოჩენას მასზე და მის მთავრობაზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. 

კომენტარები