დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი უარყოფს, რომ პენტაგონში მასკს "ჩინეთთან ომზე" გასაიდუმლოებულ გეგმებს გააცნობენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მილიარდერი მრჩეველი ილონ მასკი
Chris Unger/Zuffa LLC

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისმა მილიარდერმა მოკავშირემ და უფროსმა მრჩეველმა, ილონ მასკმა და პენტაგონის მთავარმა სპიკერმა უარყვეს გამოცემა New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21 მარტს პენტაგონში ვიზიტისას მასკს ჩინეთთან პოტენციურ ომთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ გეგმებს გააცნობენ.

New York Times ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონში აპირებენ, ილონ მასკს ჩინეთთან ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-ს არმიის გეგმები გააცნონ. გამოცემის მიხედვით, კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ბრიფინგის მთავარი თემა ჩინეთ იქნება, ხოლო მეოთხე მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ 21 მარტს მასკი პენტაგონში იქნება.

თუმცა, პენტაგონის მთავარმა სპიკერმა შონ პარნელმა NYT-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს "100%-ით ყალბი" და "მავნებლურად მცდარი" უწოდა. ამასთანავე, ტრამპის თქმით, NYT-ის ცნობა "სრულად მცდარია", ხოლო მასკმა X-ზე გამოცემას "წმინდა პროპაგანდა" უწოდა.

"ფეიკ ნიუსები ისევ მუშაობს, ამჯერად წარუმატებელი New York Times. მათ თქვეს, მცდარად, რომ ილონ მასკი ხვალ პენტაგონში მიდის, რათა "ჩინეთთან პოტენციური ომის" შესახებ გააცნონ. როგორი სასაცილოა? ჩინეთი არც კი იქნება ნახსენები ან განხილული. როგორი სამარცხვინოა, რომ დისკრედიტებული მედია ასეთ ტყუილებს იგონებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი სრულად მცდარია!". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

კომენტარები